მყარი მხარდაჭერა საქართველოს უნგრეთისგან – ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციამ მორიგი პირობა ამჯერად ქვეყნის ვიცე-პრემიერისგან მიიღო

მყარი მხარდაჭერა საქართველოს უნგრეთისგან – ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციამ მორიგი პირობა ამჯერად ქვეყნის ვიცე-პრემიერისგან მიიღო. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი ს და უმრავლესობის წევრებს ჟოლტ სიემენმა უმასპინძლა. სწორედ მისი მოწვევით იმყოფებიან უნგრეთში მმართველი პარტიის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
“საკანონმდებლო ორგანოშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიციები ფიქსირდება უნგრეთში და ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერა. უნგრეთის მხრიდან არაერთხელ გამოითქვა სრული მზადყოფნა, რომ ამ პროცესში აღმოგვიჩინონ დახმარება, რა სახის დახმარებაც დასჭირდება საქართველოს, იქნება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის საბჭოს შიგნით თუ სხვა ტექნიკური სახის დახმარება, რაც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის მოსამზადებლად,” – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, უნგრეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
“ძალიან თბილი შეხვედრა იყო ვიცე პრემიერთან. მთავარი გზავნილი, რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა, არის ის, რომ ევროპას ზუსტად ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს ევროპა და ამ ევროინტეგრაციის გზაზე, რომელსაც საქართველო უკვე დიდი ხანია ადგას, ჩვენ გვყავს ძალიან დიდი მხარდამჭერი უნგრეთის სახით, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელ ფაზაში, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,”- აცხადებს მაკა ირაკლი მეზურნიშვილი.
ბუდაპეშტში ქართული დელეგაციის შეხვედრები დღესაც გაგრძელდება. უმრავლესობის ლიდერი დელეგაციასთან ერთად შეხვედრას გამართავს უნგრეთის პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტში. კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მიღებამდე 1 კვირით ადრე უნგრელ პარტნიორებთან განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციაა.