ხვალ საღამომდე ჭავჭავაძის გამზირზე იქნება აქცია და საღამოს გამოვაცხადებთ შემდეგი გეგმის თაობაზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პროტესტი არის ერთ-ერთი გზა იმის დემონსტრირებისთვის, რომ მოსახლეობა და მოქალაქეები არ აძლევენ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას.
“კარგი აქციაა, საკმაოდ ბევრი ხალხია გამოსული და ორი ღამეა ადამიანები ათენებენ, რაც აჩვენებს, რომ დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც გაბრაზებულები არიან და ესმით, რა საფრთხეების და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს ქვეყანა იმ შემთხვევაში თუ არჩევნები საბოლოო ჯამში მიიტაცეს რუსებმა. პროტესტი გრძელდება და პროტესტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პროტესტი არის ერთ-ერთი გზა იმის დემონსტრირებისთვის, რომ მოსახლეობა და მოქალაქეები არ აძლევენ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას. ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ პროტესტი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.