გერმანიის „მწვანეთა პარტიამ“ პარტიულ ყრილობაზე ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად წარადგინა.
ჰაბეკიმ პარტიულ ყრილობაზე 768 ხმიდან 741 ხმა, ანუ 96.48% მიიღო.
ჰაბეკის განცხადებით, მან იცის, რომ ბოლო წლებში, კოალიციაში ყოფნისას საზოგადოების ნდობა დაკარგა, მაგრამ სურს, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც „პარტიის კანდიდატმა გერმანიის ხალხისთვის“.
„ჩვენ მივიღებთ გამოწვევად ამ კენჭისყრას“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკიმ.
ცნობისთვის, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
1tv.ge