ჩვენი მოსწავლეების შეფასების მაჩვენებელი მხოლოდ იმიტომ კი არ არის დაბალი, რომ ბავშვების ნაწილი მართლაც შიმშილობს და მშიერ ბავშვს საკითხზე კონცენტრირება უჭირს,
არამედ და უფრო იმიტომ, რომ, როცა ია კერზაია იმსხვერპლა სისტემამ, პედაგოგების, დირექტორების, მშობლების რეაქცია იყო ნული; ახლა რომ მაია ეკალაძე შიმშილობს, სისტემას უპირისპირდება, თითქმის ყველა პედაგოგის, დირექტორის, მშობლის რეაქცია კვლავ არის ნული; არჩევნებში რომ ხელისუფლება მასწავლებლებს ღირსებას ულახავს, სიებით ხელში დაარბენინებს, სახეს აკარგვინებს, თითქმის ყველა დირექტორის, მასწავლებლის, მშობლის რეაქცია არის ნული… რომელ განათლებაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა მასწავლებლების უმეტესი ნაწილი იმასაც ვერ ბედავს, საკუთარი კოლეგის მიმართ სოლიდარობა გამოხატოს? განათლება თავისუფალ, ღირსეულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მასწავლებელზე დგას, რომელიც ხელისუფლებისგან, განათლების სისტემისგან ითხოვს იმას, რაც სწორედ რომ მისი მოსწავლეების უკეთეს განათლებას სჭირდება. ასეთი მასწავლებელი ხელფასის მომატებასაც თამამად მოითხოვს, ეკუთვნის, უნდა მოითხოვოს და მთელი საზოგადოება მხარს დაუჭერს. ოღონდ ჯერ თვითონ ისწავლონ ერთმანეთის მხარდაჭერა, სწორი ღირებულებები გვაჩვენონ, ნუ შეეგუებიან იმ სისტემას, რომელიც მათ ღირსებას თელავს და მერე ხელფასის მომატებით ცდილობს, ამ შელახული ღირსების ვითომ აღდგენას, სასკოლო საზოგადოების კეთილგანწყობის შენარჩუნებას, რათა მათი ხმები არ დაკარგოს. და ის უჭკვიანესი ახალგაზრდები რომ გვყავს, სულ რამდენიმე მასწავლებლის დამსახურებაა და კიდევ – არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი შესაძლებლობების, დასავლური პარტნიორების მხარდაჭერის შედეგია.
ჩვენს განათლების სისტემას მაგ წარმატებას ტყუილად ნურავინ “დააბრალებთ”, მაგ სისტემის შედეგები აგერ გვაქვს, ყოველ წელს გამოქვეყნებულ კვლევებსაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და დონეს ეტყობა. არჩევნებია მაგის ყველაზე თვალსაჩინო საზომი.