ვლადიმერ პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს, მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, წუხელ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმამ დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია უკრაინის მიმართ რეალურ მხარდაჭერას ვერ შეცვლის.
„პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს. გუშინ ღამით განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ამ ომში, დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია ვერ შეცვლის მთელი დასავლეთისგან უკრაინის მიმართ ნამდვილ მხარდაჭერას. მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც“, – წერს ტუსკი.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს პარასკევს, ორი წლის განმავლობაში პირველად, ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ზარმა ძირი გამოუთხარა პუტინის იზოლაციის მცდელობებს და “პანდორას ყუთი” გახსნა.
წყარო: interpressnews