“მითხრა, შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი, ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო, მრცხვენიაო, რომ შენ ჩემი შვილი ხარო” – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის შესახებ
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის შესახებ საუბრობს, რომელიც ახლახან იპოვა. ამ თემაზე ვრცლად მუსერიძემ “მთავარი არხის” გადაცემაში, “როგორ გადავრჩი”, ისაუბრა.
თამუნა ამბობს, რომ მისი ბიოლოგიური დედა საქართველოში არ ცხოვრობს და სანამ მასთან ექნებოდა კომუნიკაცია, დეიდა დაუკავშირდა,
“დეიდა დამიკავშირდა და მითხრა, ჯობია პირდაპირ შენ დაუკავშირდე და პირდაპირ მას უთხრაო. დავურეკე (ბიოლოგიურ დედას) მესენჯერის მეშვეობით და მან მითხრა, რომ მე შვილი არ გამიჩენიაო. მითხრა, მე რომ გავიგო, რომ ჩემი შვილი ხარო, ეს წარმოუდგენელიაო, იმიტომ რომ მუცელი მომეშალაო. მე ვიქნები უბედნიერესი, რომ გავიგო ჩემი შვილი ხარ. მაგრამ ეს აბსურდიაო, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარაო.
მშვიდად ვისაუბრეთ, ვთხოვე რომ გავიკეთებდი გენეტიკურ ტესტს ნათესავთან და მითხრა რომ არაო, კატეგორიული უარი მითხრა, არ იცოდა რომ უკვე გაკეთებული მქონდა.აქ ჩამოდიო და აქ გავიკეთოთ გენეტიკური ანალიზიო. დავთანხმდი და დაახლოებით უკვე სამ კვირაში მოვიდა პასუხი (ტესტის რომელიც უკვე გაკეთებული მქონდა).
სანამ ჩავიდოდი, კიდევ ერთხელ დავრეკე. როდესაც პასუხი მოვიდა, ნათესავებისთვის არ დამირეკავს, პირდაპირ მას დავურეკე და ვუთხარი, რომ გავიკეთე მის ძმისშვილთან გენეტიკური ტესტი და ვუთხარი, რომ მე ვარ მისი შვილი. ამას მოჰყვა ძალიან მძაფრი რეაქცია, მეჩხუბა და მითხრა რომ შენი გამოჩენიდან, ახლანდელი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი, რომ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო, ჩემთვის სამარცხვინოა ის, რომ ჩემი შვილი ხარო, მე მრცხვენიაო, რომ შენ ჩემი შვილი ხარო.
რცხვენოდა იმის, რომ მას ჰყავდა ბავშვი გაშვილებული და ამის გამო გრძნობდა თავადაც სირცხვილს, არ არის მარტივი საქართველოში ჯერ ბავშვის გაჩენა, მერე გაშვილება, მერე უცებ ამ ბავშვის გამოჩენა. რა თქმა უნდა, მას რცხვენოდა”, ამბობს მუსერიძე.