ბელგიური კომპანიები, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დგანან თუ არა იმპორტზე ახალი გადასახადების შემოღების საფრთხის წინაშე? თეთრი სახლის მომავალმა ბინადარმა პროექტ „Made in America“-ს პოპულარიზების საჭიროების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადი, სავარაუდოდ, 10-დან 20%-მდე გაიზრდება.
თუმცა, კომპანია „Safran Aero Boosters“-ის (ყოფილი „Techspace Aero“) ბორტზე პანიკა არ შეიმჩნევა. აეროკოსმოსურ კომპანიაში 1500 ადამიანია დასაქმებული, მილიარდი ევროს მოცულობის გაყიდვები აქვს და მისი პროდუქციის 50 პროცენტი შეერთებულ შტატებში იგზავნება. „ჩვენ ამერიკაში „ბოინგის“ ძრავის წინა მხარეს ვაგზავნით, ბაზარზე ამ პროდუქტის ანალოგი კი არ არსებობს. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. უარეს შემთხვევაში, იმპორტის გაზრდილ გადასახადებს თავად „ბოინგი“ გადაიხდის“, – აცხადებს „Safran Aero Boosters“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანსუა ლეპოტი.
კომპანია „Brasserie de l’Abbaye du Val-Dieu“-საც, რომელიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სწრაფად ვითარდება, თავისი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეერთებული შტატების ბაზარზე შეაქვს. ის სიდიდით მეოთხე ბაზარი გახდა ბელგიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის შემდეგ. ოკეანის გაღმა, ყოველწლიურად, კომპანიის 500 000 ბოთლი ლუდი გადის ექსპორტზე. „ჩვენი ლუდი, როგორც წესი, საუკეთესო ლუდსახარშებში იყიდება და მისი მომხმარებლები ლუდის ნამდვილი მოყვარულები არიან. ის ოდნავ უფრო ძვირი პროდუქტია, ვიდრე კლასიკური ლუდი. თუ ფასების მატება უმნიშვნელო იქნება, ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებლები ამას შეეგუებიან, მითუმეტეს, წარწერა „დამზადებულია ბელგიაში“ ნამდვილი აქტივია ლუდის ბაზარზე“, – ამბობს კომპანიის გაყიდვების სამსახურის დიერქტორი, ლიონელ დელბარტი.
ასეა თუ ისე, ფსონები საკმაოდ მაღალია – შეერთებული შტატები ხომ ბელგიის უდიდესი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ფარგლებს გარეთ!
წყარო: 1tv.ge