ეზიდთა კულტურის ცენტრში დღეს, საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს – ღონისძიების მასპინძელი ამჯერად ეზიდთა სასულიერო საბჭო გახლდათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის დღე მიულოცა ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი ფირბარიმ.
საქართველოში ტოლერანტობის ტრადიციაზე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ქართული სახელმწიფოს როლი ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის გამოსვლის ძირითადი თემა. სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, მოუწოდა რელიგიური ლიდერებსა და მრევლს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში.
„დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს სხვადასხვა რელიგიური თემების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მართლმადიდებელი ეკლესიიდან – დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე, დიაკონები საბა გაზდელიანი და გიორგი სიჭინავა; კათოლიკური ეკლესიიდან – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, მღვდელი ზურაბ კაკაჩიშვილი; ებრაული თემიდან – ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი; სომხური ეკლესიიდან – ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი; მუსლიმური თემიდან – შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე; ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებიდან – ეპისკოპოსი ანერი გიუნაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი; სახარების რწმენის ეკლესიიდან – პასტორი გურამ იმერლიშვილი; ევანგელურ-ლუთერული ეკლესიიდან – ეპისკოპოსი როლფ ბარაისი, ყოფილი ეპისკოპოსი მარკუს შოხი.
რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი, 2016 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, 2017 წელს – ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს – ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს – საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს – საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს – საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, 2022 წელს – სახარების რწმენის ეკლესია, 2023 წელს კი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.