ამერიკის შეერთებული შტატები სანქცირებული რუსი მილიარდერის, სულეიმან კერიმოვის, ბანკ Citigroup-თან შესაძლო კავშირს იკვლევს. გამოძიების ფარგლებში, იუსტიციის დეპარტამენტი, FBI-სთან და IRS-სთან თანამშრომლობით, Citigroup-ის მიერ Heritage Trust-ისთვის გაწეულ მომსახურებას შეისწავლის.
Heritage Trust-ი მილიარდერ კერიმოვის საკუთრებაში არსებულ აქტივებს ფლობს. ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ Bloomberg-თან გაკეთებული განცხადების თანახმად, კეიროვმა რუსეთის მთავრობისგან ფინანსური სარგებელი მიიღო. თუ დადასტურდება, რომ Citigroup-მა მილიარდერს ფინანსური მომსახურება გაუწია, ეს შემთხვევა შესაძლოა სანქციების დარღვევად შეფასდეს.
დელავერში დაფუძნებულ Heritage Trust-ში არსებულ $1 მილიარდამდე ღირებულების აქტივებზე, კერიმოვს სახაზინო დეპარტამენტმა წვდომა ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში შეუზღუდა. Heritage Trust-ის განმარტებით, კეიროვი „ნათესავებისა და მრჩევლების კავშირებს“ ამერიკულ კომპანიებში ინვესტირებისთვის იყენებდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, FBI-sთან და IRS-sთან ერთად, Citigroup-ის ფინანსური შესაბამისობის ჩარჩოსაც იკვლევს – მათ შორის იმ საკითხს, თუ როგორ ახდენს ბანკი ფულის გათეთრებისა და სხვა ტიპის ფინანსური დანაშაულების პრევენციას. გამოძიებასთან დაკავშირებით Citigroup-ს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამერიკული Forbes-ი კერიმოვის ქონებას $10.7 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოში 230-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მილიარდერი აქციებს რუსულ სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმა „გაზპრომში“, ასევე Morgan Stanley-ში, Goldman Sachs-სა და Deutsche Bank-ში ფლობს. კერიმოვმა, მოგვიანებით, რუსეთში ოქროს უმსხვილესი მომპოვებლის Polyus-ის 37%-იც შეიძინა.
ცნობისთვის, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი ივლისში დაჯარიმდა. ვალუტის კონტროლის ოფისმა, რისკების მართვის სერვისების ზედამხედველობის შეუსრულებლობის გამო, ბანკს $75 მილიონის გადახდა დააკისრა.
წყარო: forbs.ge