გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული

ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის განახლების შემდეგ განაცხადა, რომელიც დაპირისპირების გამო ცოტა ხნით შეწყდა.

კალანდარიშვილის თქმით, მხოლოდ ზეწოლით, ბულინგითა და პირადი თავდასხმებით ცდილობს დაინტერესებული მხარე განამტკიცოს აღქმა, თითქოს გაყალბდა.

„მხოლოდ პირადი თავდასხმებით, პირადი ზეწოლით, ეს იქნება ს თავმჯდომარეზე თუ ჩვენ ასევე ვნახეთ არაერთი შემთხვევა ქვემდგომი კომისიების თავმჯდომარეებთან და წევრებთან მიმართებით – ასეთი ბულინგით, ზეწოლით, პირად სივრცეში შეჭრითა და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე, გადაფაროს ის საკითხები და შექმნას საზოგადოებაში ის აღქმა და განამტკიცოს ის აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუ სადმე რაიმე მანიპულაცია მოხდა, ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელმაც პირველმა მიმართა საქართველოს პროკურატურას შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც ეუთო/ოდირი, NDI, IRI, ENEMO, EPD და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნებს საკმაოდ პოზიტიურად აფასებდნენ, რაც არ არის ჩემი სიტყვები, არის ის ამონარიდი, რომელიც აღნიშნული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებში შეგიძლიათ იხილოთ. ის, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება. ეს მეორეხარისხოვანია, ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ქმედებით, ასეთი ზეწოლით, ასეთი ბულინგითა და პირადი თავდასხმებით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა.უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.