“კოგნიტიური დისონანსი” აფხაზურად

ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის პროტესტმა გაიმარჯვა. დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო რატიფიცირება მოეხდინა შეთანხმებისა „დან ინვესტიციების“ თაობაზე. ცალსახაა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებას სოხუმისგან მოსკოვი ითხოვდა და რომ არა ეს მოთხოვნა, ქუჩაში პროტესტისა და დავის საგანი არც იარსებებდა, მაგრამ მეორე მხრივ, თავად ხალხი აფხაზეთში, რუსეთთან პრობლემის არსებობას გამორიცხავს.
„არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსეთთან“,- ყვიროდნენ პროტესტანტები მეგაფონში, რომელსაც ტაშითა და „როსსიას“ სკანდირებით შეხვდა საპროტესტოდ მისული ხალხი. აფხაზური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება წნეხის ქვეშ ამყოფებს საკუთარ დე-ფაქტო ხელისუფლებას, კარნახობს პირობებს და მათზე თანხმობას აიძულებს. ხალხსა და დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის პრობლემა იმიტომ შეიქმნა, რომ ეს უკანასკნელი რუსული დირექტივის გატარებას ცდილობს. ამავდროულად, რუსეთი, ანტიაფხაზური დირექტივების ავტორი და დამკვეთი, მოპროტესტე აფხაზებისგან სიყვარულს იღებს.
რა არის რუსეთი აფხაზებისთვის? რუსეთი აფხაზებს აიძულებს მიიღონ კანონები, რომელთა მიღებაც მათ არ სურთ, მაგრამ ის მაინც მეგობრადა და თაყვანისცემის ობიექტად რჩება. ერთგვარი შეჯიბრის მდგომარეობაა დე-ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმის შესახებ, ვის უფრო მეტად უყვარს რუსეთი და ვინ უფრო მეტად პრორუსულია. რით შეიძლება აიხსნას ამგვარი კოგნიტიური დისონანსის მდგომარეობა, ამის შესახებ, „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა.
თეონა აქუბარდია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოადგილე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ თავდაპირველად, დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა წარმოეჩინა აფხაზური ეგრეთ წოდებული ოპოზიციის პროტესტი, როგორც ანტირუსული. ცდილობდა ოპოზიცია „დაელინკა“, როგორც რუსეთის წინააღმდეგ წასული კასტა, თუმცა ოპოზიციამ ეს იარლიყი არ მიიწება.
„რუ სე თი, რუ სე თი, რუ სე თი, პუ ტი ნი“,- ამ სიტყვების სკანდირება და რუსული დროშის დემონსტრაციული ფრიალი მოჰყვა აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას. ის ცდილობდა ხაზგასმით ეჩვენებინა, რომ პროტესტანტები აფხაზეთში, ასევე, ოპოზიცია არაა ანტირუსულად განწყობილი. „ვინც აქ დგახართ, კითხვა მაქვს თქვენთან. ვიღაც პროვოკატორები, მედიებით ავრცელებენ, რომ აქ შეკრებილები არიან ანტირუსული ძალები,“- დაიძახა მან პარლამენტის ფანჯრიდან, რასაც გარეთ შეკრებილი ხალხი რუსეთისა და პუტინისადმი ლოიალობის გამომხატველი ოვაციებით გამოეპასუხა იმის დასტურად, რომ ეს თეზისი გაბათილებულიყო. ამ ჟესტით ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა დააფიქსირეს რომ მათ არ აქვთ ანტირუსული განწყობები.
„საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მოახერხა დე-ფაქტო ს ოპოზიციამ და თარგმნა ეს პროტესტი ანტირუსულიდან – ანტიქართულად. მათ გამოიყენეს ოლიგარქ ივანიშვილის სახელი. რაკი ინვესტიციებზე რუსეთთან შეთანხმება იძლეოდა აფხაზეთში მიწის ყიდვის შესაძლებლობას რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ თქვეს, რომ აი, ოლიგარქმა ივანიშვილმაც ხომ შეიძლება იყიდოს მიწა აფხაზეთში? ეს ყველაფერი იყო, ცხადია მანიპულაცია, რომ ანტირუსული პროტესტი ექციათ ანტიქართულად, რაც კარგად იყიდება,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.
მისი თქმით, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები არის ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში კი დამატებითი ძალებია შეყვანილი, როდესაც იციან, რამდენად დიდია ანექსიის რისკი, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც, აფხაზებმა ხერხი იხმარეს. საქართველოს, როგორც სატყუარის გამოყენებით, რუსი ოლიგარქების მხრიდან, აფხაზეთის ყიდვა თავიდან აირიდეს.
საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და არ გამოხმაურებია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ჟურნალისტის კითხვას „არის თუ არა ეს აფხაზეთის ანექსიის მცდელობა რუსეთის მიერ?“- პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და ბუნდოვანი პასუხი გასცა, სადაც იკვეთება სიტყვები „მე ამას ანექსიის მცდელობას ვერ დავარქმევდი“.
საქართველოს ხელისუფლების დუმილი რუსეთის ქმედებებზე აღქმულია დათანხმებად უკანონობაზე, მიიჩნევენ სპეციალისტები, ვინც აკვირდება საქართველოს ხელისუფლების ნულოვან რეაქციებს როგორც ჟენევის დისკუსიების რუსულ შეფასებაზე, ისე, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე.
ჟენევის დისკუსიების 62-ე რაუნდის შემდგომ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებებზე ეგრეთ წოდებული საზღვრის დემარკაცია.
„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ დამფუძნებელი ნუკრი ნოდია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ რუსეთისგან ჩახსნას ვერ მოახერხებს ვერც დე-ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში და ვერც ოპოზიცია, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რომ რუსეთის მხრიდან ანექსია აქტიურ ფაზაში გადადის, რომ მათი კერძო საკუთრება სამომავლოდ, საფრთხის ქვეშ იქნება. რუსეთთან ასიმილაცია ეთნოსს გააქრობს და ცდილობენ, რამენაირად შეაჩერონ ანექსია, მაგრამ თან ისე, რომ, ამაზე ღიად არ ილაპარაკონ“.
საქართველოს ხელისუფლების დუმილი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, ნულოვანი მცდელობა, ამ უკანონობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიმართვის, საზოგადოებაში უარყოფითადაა აღქმული. ნუკრი ნოდია გვეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი ღალატის ტოლფასია. თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ ამ დუმილით, ხელისუფლება რუსეთს თანხმობის სიგნალს უგზავნის.
„კრემლს არ სჭირდება ცალკე აფხაზეთი, ან ცხინვალი. კრემლს სჭირდება საქართველო, სამ სახელმწიფოდ დაყოფილი, საკუთარ უკანა ეზოდ რომ გააფორმოს. ივანიშვილისა და მისი მოლაპარაკე თავების დუმილი ჟენევის 62-ე რაუნდის განცხადებაზე, თუ აფხაზეთის ანექსიის ახალ განზომილებაზე, არის ჩუმი თანხმობა იმაზე, რაც იქ ხდება. ეს აჩვენებს, რამხელა სიყალბე იყო ივანიშვილის ილუზორული დაპირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რისთვისაც, საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვდა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, გამოჩნდა, რომ კრემლი უკმაყოფილოა, რადგან „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო და ვერ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე,“- ამბობს თეონა აქუბარდია.
„აფხაზები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცდილობენ, რუსული წნეხი შეარბილონ და თან დაიცვან დამოუკიდებლობა. იმ დროს, როდესაც შენს ტერიტორიაზე ასე უხეშად ერევა უცხო ძალა, განგაშის ზარებს უნდა ტეხდე სტრატეგიულ პარტნიორებთან, ცდილობდე რამენაირად შეამცირო ის რისკები, რაც მოდის რუსეთის მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ქმედით ნაბიჯებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ვერ ვხედავთ. არადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი არის ევროინტეგრაცია. საქართველოს ხელისუფლება პირიქით მოქმედებს. ის წყვეტს კავშირებს დასავლელ პარტნიორებთან და სურს რესტავრირებულ საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ხელისუფლების დუმილი არის ღალატის ტოლფასი,“- ამბობს ნუკრი ნოდია.
თეონა აქუბარდიას თქმით, 2021 წელს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც „ოცნებამ“ რუსეთის ქმედებები რეზოლუციით გააპროტესტა.
„2021 წელს მე ვიყავი დეპუტატი, რომლის ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, კუჭავამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. მაშინ, სოფელი აიბღა აი, ასე, აიღეს და რუსეთის კრასნოდარის ოლქს მიუერთეს. ეს იყო ბოლო სწორი ნაბიჯი, რაც „ოცნების“ მმართველობის პირობებში, აფხაზეთთან მიმართებით გადაიდგა. მას შემდგომ სრული დუმილია. ასე იყო იმ დროსაც, როდესაც ბიჭვინთის აგარაკები უკანონოდ გადაეცა რუსეთს, შვიდი თვე დამჭირდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის წესით მომეყვანა პარლამენტში, რათა მას ორი სიტყვა ეთქვა, რომ „შეთანხმება უკანონოა“. ეს იყო პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ აღარ სრულდებოდა ის პოლიტიკაც კი, რაც გვეწერა,“- ამბობს თეონა აქუბარდია.
13 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები გავლენას ვერ მოახდენდა ინვესტიციების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზე სოხუმში და ეს მაინც მოხდებოდა. ორ დღეში ვნახეთ, რომ რასაც ამბობდნენ რუსები, ვერ შესრულდა. ეს არაა რუსული ფიასკოს პირველი შემთხვევა აფხაზეთში. იგივე მოხდა აპარტ-ოტელებისა და რუსული კანონის მიღების მცდელობის დროსაც. თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ანექსიის მცდელობებს შეწყვეტს – მიიჩნევს თეონა აქუბარდია.
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ტყვეობაშია, მაგრამ, ამ უკანასკნელმა, მაინც ვერ გაიტანა იქ სასურველი კანონები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს არ გამოუყენებია ფიზიკური ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ აფხაზეთში.
ოპოზიციის ლიდერმა, დე-ფაქტო აფხაზეთში, ლევან მიქაამ 15 ნოემბერს, შუაღამეს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, “ჩამოგდებული პრეზიდენტი ბჟანია რუსულ ნაწილში გაიქცა” და რომ აფხაზეთში მას უკვე ექს პრეზიდენტად მოიხსენიებენ. ამ განცხადებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ასლან ბჟანიას ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ამას მოჰყვა ბჟანიას განცხადება. მან გასაჯაროვა ვიდეო, სადაც თქვა, რომ აფხაზეთშია და წასვლას არ აპირებს.
ოპოზიცამ, დე ფაქტო აფხაზეთში ბჟანიას 16 ნოემბრის დილამდე მისცა ვადა, რომ გამოჩნდეს და გადადგომის თაობაზე განაცხადოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული