ზოგიერთი პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს გასცდა – ცესკოს თავმჯდომარე თავის სახლთან აქციაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეხმაურება თავის სახლთან გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას და აცხადებს, რომ ზოგიერთი პირი „გამოხატვის ცივილურ ფორმებს გასცდა“. იგი მოწინააღმდეგეებს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.
კალანდარიშვილი 15 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში საუბრობს „ზეწოლის კამპანიაზე“, რაც, მისი თქმით, ს შემდეგ „სულ უფრო ძლიერდება და ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს“.
„არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.
იგი ამბობს, რომ სრულად სცემს პატივს თავისუფალი გამოხატვის უფლებას, მაგრამ დასძენს, რომ „ეს უფლება უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობით და კანონიერი ქცევის ფარგლებში“.
„მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად და დაუღალავად ვიმუშაოთ, რათა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებმა, არამედ საქართველოს თითოეულმა ამომრჩეველმა მიიღოს სრული და სწორი ინფორმაცია არჩევნების, განსაკუთრებით კი პოსტ საარჩევნო პერიოდში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ“, – აცხადებს ს თავმჯდომარე.
გუშინ საღამოს, 14 ნოემბერს, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ და აქცია ჩაატარეს.
მათ მიიტანეს ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის ზოგიერთი შეურაცხმყოფელი შინაარსისა: „ქოსკო“, „მონობა სიჩუმით იწყება“, „ასეთ გაყალბებულ არჩევნებს ისევ ყალბი მეგობრები მირჩევნია“, „ღორო, ჩვენი ხმები არ იჭმევა“.
კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართავს: „გამოვიყენებ ყველა ადამიანურ და სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თქვენი უფლებები“.
ცესკოს თავმჯდომარის სახლთან გამართულ აქციას დღეს, 15 ნოემბერს, გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ქადაგიშვილი, რომელმაც „ფაშიზმი“ უწოდა იმას, რაც „კალანდარიშვილის მიმართ ხდება“.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, ოფიციალური შედეგების თანახმად, ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
დასავლელი პარტნიორების ნაწილი გაყალბებაზე „სერიოზული ეჭვების“ გამო დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.