ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! – სამხედრო პროექტები იმისთვის კეთდებოდა, რომ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ისევ მათ ინტერესებს მომსახურებოდა, როდესაც იქ თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ – საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ, ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ! – ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, რომელმაც X-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და ამან ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
ქადაგიშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიმამაცე, პატრიოტიზმი ეყო და კრიტიკულ მომენტში, როცა შეიძლება საქართველო ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე დამდგარიყო, მეორე ფრონტი არ გახსნა“.
„კარგად უნდა იცოდეთ, რომ არც „გამჭვირვალობის კანონი“ და არაფერი არაფერ შუაშია – აი, ეს არის ერთადერთი მიზეზი! ამის გამო იყვნენ მოწადინებული, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. არც ეს გამოუვიდათ და ამიტომ არიან გაბრაზებულები.
ამ გაბრაზების მიზეზებს პირდაპირ ვერ იტყვიან – ამიტომ ხან ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხან სხვა რაღაცას მოიფიქრებენ, ყოველგვარი არგუმენტისა და კონკრეტიკის გარეშე.
კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი, როდესაც ავღანეთში ომი იყო – საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა?! დაავიწყდათ ეს ამბავი?!
მოდით რა, ევროკავშირმა საქართველოში ერთი სერიოზული ინვესტიცია განახორციელეთ – 35 წელია და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არსებობს ეკონომიკა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა პიტერ ფიშერის პოსტის პასუხად.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს, რამაც ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია
“აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბრიგადის-გენერალ ჭიჭინაძესთან.მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისთვის გერმანიის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია”, – წერს ფიშერი.