ბიზნესის დაწყებას კარგი იდეა და გეგმა სჭირდება. განხორციელებას კი ფინანსური უზრუნველყოფა. ახალბედა ბიზნესმენები და მეწარმეები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ან მცირე საქმიანობის გაფართოებას ცდილობენ, ხშირად საგრანტო პროგრამებში მონაწილეობენ. გრანტებს უცხოელი დონორი ორგანიზაციები და სახელმწიფო გასცემს, რითაც დამწყებ ბიზნესებსა და სტარტაპებს ეხმარებიან. ამ მიმართულებით სახელმწიფოს სამი სააგენტო მუშაობს. ესაა ,,აწარმოე საქართველოში“, ,,სოფლის განვითარების სააგენტო’’ და ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო’’ იგივე ,,ჯიტა’’.
საგრანტო პროგრამების დიდი ნაწილი რეგიონებზეა გათვლილი, რაც მიზნად მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას ისახავს. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რა პრობლემებს აწყდებიან ახალბედა მეწარმეები და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული სუბიექტები რეგიონებში. ამ საკითხზე ჩვენ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს სალომე მოისწრაფიშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას მეწარმეების განათლების ხარისხი და ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობა წარმოადგენს. სექტორის ყველაზე დიდი პრობლემაა ასევე სასესხო პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასი.
,,პრობლემა, რაც დღეს მეწარმეებს აქვთ ძირითადად არის უნარ-ჩვევების არ ქონა, რომელიც მათ პროექტის დასაწერად და წარსადგენად სჭირდებათ. რეგიონებში არის ბიზნეს უნარ-ჩვევების ცოდნის ნაკლებობა. ქალაქშიც ვაწყდებით ამ პრობლემას, თუმცა რეგიონებში განსაკუთრებულად. არ იციან როგორ მოიძიონ ინფორმაცია, შეავსონ აპლიკაცია, ამისთვის ვიღაცის დახმარება სჭირდებათ. ბიზნეს პროექტისა და გეგმის დაწერა არის პრობლემური. აპლიკაციის ონლაინ შევსებაც პრობლემაა და ეს ინფრასტრუქტურული პრობლემაა. რეგიონებში არის ცენტრები, სადაც შეუძლიათ შევსება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სექტორის ყველაზე დიდი პრობლემაა ასევე სასესხო პროდუქტებზე არსებული ფასი. სესხი ძვირია, მით უმეტეს, თუ ეს არის მცირე და მიკრობიზნესი. მისთვის პროცენტი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე შემოსავლის გენერირება შეუძლია. განსაკუთრებით დასაწყისში. შემდეგი პრობლემა არის უზრუნველყოფა. ფინანსურმა სექტორმა მეწარმეს შეიძლება მოსთხოვოს უზრუნველყოფა, რომელიც მას შეიძლება ფიზიკურად არ ჰქონდეს ან მოითხოვოს თანხა.’’- აცხადებს სალომე მოისწრაფიშვილი.
საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისთვის სათანადო დოკუმენტაციის წარსადგენად საჭირო უნარ-ჩვევების გარდა, პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ხშირად, მუნიციპალიტეტებში ინფორმაცია სამიზნე ჯგუფამდე ვერ მიდის.
,,მუნიციპალიტეტებში არ ხდება სწორად და კარგად ინფორმაციის გავრცელება სამიზნე ჯგუფებზე. ცხადდება პროგრამა ან საგრანტო კონკურსი, თუმცა არ მიდის კონკრეტულ სამიზნე ჯგუფამდე და კონცენტრირებულია ვიწრო წრეებზე. პრობლემას გადაწყვეტს, თუ ინფორმაცია გავრცელდება სწორად და ბალანსირებულად. ვინც აცხადებს პროგრამებს მათ მხარესაც არის ვალდებულებები, რომ უფრო სწორად მიმართონ ეს ინფორმაცია. პროგრამა რომ ცხადდება, ძალიან ბევრი კითხვა აქვთ ხოლმე დეტალებზე და შესაბამისად პასუხების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამების პარტნიორები ძირითადად არიან ბანკები. პოტენციური ბენეფიციარი შეიძლება ბანკში მივიდეს და ბანკის თანამშრომელმა სრულფასოვნად ვერ მიაწოდოს ინფორმაცია. აქ პრობლემურია საკითხი, რამდენად ზრუნავს სააგენტო და თვითონ ბანკი, რომ ბანკის თანამშრომლებს აუხსნას, რათა მათ პროგრამის ფარგლებში სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ბენეფიციარებს. შეიძლება უკეთესად დალაგდეს ინფორმაციის გავრცელება ბანკების საშუალებითაც. მუნიციპალიტეტების მხრიდანაც სასურველია დაიხვეწოს ინფორმაციის გავრცელების გზები და ხერხები. ,,აწარმოე საქართველომ’’ დაიწყო რეგიონებში ცენტრების მშენებლობა, სადაც გაიცემა ინფორმაცია და შეგავსებინებენ განაცხადს. არის ცხელი ხაზებიც. რეგიონებში რესურსცენტრებში თანამშრომლებს ფინანსურ საკითხებზე დიდად არ აქვთ ინფორმაცია. შესაბამისად, ვერ დააკვალიანებენ დაინტერესებულ პირებს.’’- აცხადებს სალომე მოისწრაფიშვილი.
საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მეწარმე შესაძლოა სხვა პრობლემური საკითხის წინაშე დადგეს – რამდენად აკმაყოფილებს ის კრიტერიუმებს? გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი აცხადებს, რომ პროგრამები რეგიონების მიხედვით მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს.
,,ინფორმაციის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია, რამდენად აკმაყოფილებს მეწარმე კრიტერიუმებს, რამდენად შეიძლება თანხვედრაში მოდიოდეს ის კრიტერიუმები, რასაც ითხოვს გრანტის, სუბსიდიის ან პროგრამის გამცემი, იმასთან რაც ვთქვათ, თვითონ წარმოესახება მეწარმეს. არის შემთხვევები, რომ მივიდა ინფორმაცია მეწარმემდე, მაგრამ თავისზე მორგებულ პროგრამას ვერ არჩევს. ამ პროგრამების დაფარვაც მნიშვნელოვანია, რა რეგიონებში და რა სექტორებზეა გათვლილი. სასურველია პროგრამები უფრო მორგებული იყოს. ორივე მხარეს პრობლემა არის. აქეთა მხრიდან ჯერ ინფორმაციის გავრცელება სწორად არ ხდება და ეს პროგრამები არ არის მორგებული მეწარმეების საჭიროებებს. მეწარმეების მხარეს პრობლემაა განათლება, ბიზნეს უნარ-ჩვევების არ ქონა და ბიზნეს პროექტის დაწერის არ ცოდნა.’’- აცხადებს სალომე მოისწრაფიშვილი.
მეწარმეების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონის ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ტარდება. არის მოკლე, 1-2 დღიანი ტრენინგები და შედარებით ხანგრძლივი, რომელიც 2 კვირას მოიცავს. გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მეწარმეები 1-2 დღიანი სწავლების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები. ამბობენ, რომ ის არაპროდუქტიულია და ამიტომ არ ესწრებიან. არ ესწრებიან არც 2-კვირიან ტრენინგებს. მიზეზად შეხვედრების ხანგრძლივობას ასახელებენ და ამბობენ, რომ ამდენი დრო არ აქვთ. სალომე მოისწრაფიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტრენინგების მიმართ ინტერესი არის, მაგრამ დასწრების მიმართულებით პრობლემას აწყდებიან.
,,ინტერესი არის, რომ ტრენინგის შემდეგ აიღონ რაღაცა ტიპის სუბსიდია, გრანტი ან სესხი. საკმაოდ პოპულარულია ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამები და აქვთ სურვილი, რომ შეესაბამებოდნენ მათ კრიტერიუმებს. არიან ისეთი მეწარმეებიც, რომლებსაც სურთ ცოდნა შეიძინონ და მერე სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენონ, მაგრამ ძირითადად თვითმიზანი არის, რომ ისწავლონ როგორ მოერგონ პროგრამას და როგორ დაწერონ შესაბამისი დოკუმენტაცია. რა თქმა უნდა სასურველია, უფრო ცოდნის მიღებაზე იყოს ორიენტირებული და არა ერთჯერადად პროგრამის აღებაზე. საჭიროა ინტერესი სწავლისადმი. მათთვის მთავარია ცოდნა ჰქონდეთ, რომ სუბსიდიის პროგრამაში წარმატებას მიაღწიონ.’’- აცხადებს სალომე მოისწრაფიშვილი.