ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024

როგორ იმუშავებს პარლამენტი “ოცნების” 89 დეპუტატით – ოპოზიცია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს “ლეგიტიმაციას არ მისცემს”
საპრეზიდენტო იანვარში გაიმართება – იქნება თუ არა ივანიშვილი “ოცნების” კანდიდატურა
აფხაზებს “სიჯიუტისთვის” მოსკოვი სასჯელის დამძიმებით ემუქრება – “დარჩებიან უდენოდ, პენსიებისა და სოციალური ტრანშების გარეშე”
* * *
როგორ იმუშავებს პარლამენტი “ოცნების” 89 დეპუტატით – ოპოზიცია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს “ლეგიტიმაციას არ მისცემს”
ს 21 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს, რის შემდეგაც ათ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა უნდა მოიწვიოს. პრეზიდენტი არჩევნებს არ აღიარებს, ამასვე ამბობს ოპოზიცია და დასძენს, რომ “პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ” და არ შევლენ, ნაწილმა წერილობითაც მიმართა ცესკო-ს არ გაატაროს მათი სიები რეგისტრაციაში და პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს, თუმცა “ოცნება” ამბობს, რომ ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშეც დაიწყებს მუშაობას პარლამენტი. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა, მაშინ “ქართულ ოცნებას” 90 მანდატი ჰქონდა, დღეს 89 აქვს. პირველი სხდომა წინა არჩევნებზეც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არჩევნები აღიარა და სხდომა ჩანიშნა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ იმუშავებს პარლამენტი “ოცნების” 89 დეპუტატით – ოპოზიცია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს “ლეგიტიმაციას არ მისცემს”.
“კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ პარლამენტი, მხოლოდ “ქართული ოცნების” 89 დეპუტატით მუშაობას დაიწყებს, თუმცა ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება. “დაიწყებს, იმიტომ, რომ კანონიერებისთვის, პირველ სხდომას უნდა ესწრებოდეს ნახევარზე მეტი – მინიმუმ 76 დეპუტატი. შემდეგ მათ არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება უნდა სცნონ, არჩეულად კი ითვლებიან ისინი, ვისაც ცესკო შემაჯამებელ ოქმში შეიყვანს. კენჭი მთლიანად სიას ეყრება, “ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ ყველას უფლებამოსილება სცნოს, ან შეიძლება ყველასი არა და ვინმეზე თქვას, რომ აქ რაღაც საეჭვო არისო. თუ იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც სცნეს, არის ასი, ან ასზე მეტი, მაშინ პარლამენტი ამ მომენტიდან სრულ უფლებამოსილებას შეიძენს” -განაცხადა ხმალაძემ, რომლის თქმით, “პარლამენტი შეძლებს ყველაფრის გაკეთებას, რისი უფლებაც აქვს პარლამენტს გარდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისა, რომელსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რასაც სჭირდება ხმათა სამი მეხუთედი, ანუ 90 ხმა, მაგალითად, ასეთია სახალხო დამცველის არჩევის კვორუმი, ასეთია კონსტიტუციური კანონის მიღების კვორუმი, რომელსაც სჭირდება ორი მესამედის უმრავლესობა, ანუ სულ ცოტა 100 ხმა და ასეთია ასევე კონსტიტუციური კანონის მიღების კვორუმი სამი მეოთხედი, მინიმუმ 113 ხმა, ესაა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც მაშინვე ამოქმედდება – აი ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს… ასეთი რამ წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნები ძალიან წესიერად ჩატარდა, კანონის სრული დაცვით, რომლის შედეგად, საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ერთმა პარტიამ გადალახა და მეტი არავინ. ამ შემთხვევაში, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო, მაგრამ ზოგადი შეფასება ის იქნება, რომ ასეთი პარლამენტი ზოგადი დემოკრატიული პრინციპებისგან შორს დგას, ანუ პოლიტიკურად ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ამ ქვეყნის საზოგადოება თავისი შეხედულებით და განვითარების დონით ასევე შორს დგას დემოკრატიული საზოგადოებისგან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“თუ საზოგადოებამ ერთპარტიული პარლამენტი შექმნა, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ საზოგადოებაში ნიველირებულია მრავალფეროვნება, მაგალითად როგორიცაა ჩრდილოეთ კორეაში. გაცილებით მძიმედაა საქმე იმ დროს, როცა ერთპარტიულობა ხელისუფლების ძალადობრივი მოქმედებებითაა გამოწვეული. ძალადობრივში ვგულისხმობ ყველაფერს, იქ მოსყიდვასაც, ტექნიკურ სიყალბეების ჩადენასაც და უამრავ სხვადასხვა რამესაც. თუ პირველი შემთხვევა საზოგადოების განუვითარებლობის შედეგია, მეორე შემთხვევაში ასეთი შედეგის მიზეზი ხელისუფლების არაკონსტიტუციური მოქმედებაა, ანუ ბრალი ხელისუფლებაზე გადადის. ორივე შემთხვევაში დემოკრატიულ ქვეყნებს ასეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სურვილიც უქრებათ, თუმცა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ერთპარტიულობა ხელისუფლების არაკონსტიტუციური მოქმედების შედეგია. ასეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობას პრაქტიკულად წყვეტენ და საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში, ასეთი ხელისუფლების მიმართ იყენებენ სხვადასხვა სახის სანქციებს – ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევას აჩერებენ და ქვეყანა პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება ხოლმე”, – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
“ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო და პარლამენტიც კანონიერად დაიწყებს მუშაობას. “საქართველოში მეორედ ხდება, რომ მრავალპარტიული პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პირველად ეს 2003 წელს იყო, როცა პარლამენტში შვიდი პარტია შედიოდა, მაგრამ მიშა სააკაშვილის ე.წ. და გარედან დაფინანსებულმა რევოლუციამ გააკეთა ის, რომ ქვეყანა სწორი რელსებიდან გვერდზე გადაიყვანა და გააკეთა ის, რაც მთელი 9 წლის მანძილზე აკეთებდა. ახლა, როცა ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი უნდა შედგეს. რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. უნიკალური ელექტრონული არჩევნები ჩატარდა. ბაში-აჩუკის არ იყოს – “გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე ეგ შენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო”, ანალოგიური სიტუაცია აქვთ დევანდელ ოპოზიციას, რომელიც 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ბეჭებზე დასცა და ახლა კოტრიალობენ”, – ამბობს გვენეტაძე, რომლის თქმით, “ვაცადოთ ცოტა ხანი და ოპოზიციონერები “ქართულ ოცნებას” შეასწრებენ პარლამენტში”, – განაგრძობს გამოცემა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ექნება საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია. როგორც ბეჟაშვილი “ფეისბუქზე” წერს, კონსტიტუციით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი, დეპუტატები კი ცესკო-მ უნდა დაარეგისტრიროს. მისივე თქმით, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკო-ს, არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ. “კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ხდება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე – ცესკო-მ უნდა დაარეგისტრიროს/დაადასტუროს მინიმუმ 100 დეპუტატის არჩევა. რა არის ჩვენი მიზანი? მიზანია არჩევნებს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია”, – წერს ბეჟაშვილი, რომლის აზრით, “შესაბამისად, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკო-ს არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ”, – დასძენს გამოცემა.
“ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” 89 დეპუტატი მარტო, პარლამენტი კი ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება. სხვა შემთხვევაში ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმს და ამ ოქმის საფუძველზე მოხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ამის შემდეგ მანდატებზე უარის თქმა, იქნება მხოლოდ უარი მანდატებზე და არა გაყალბებული არჩევნების საფუძველზე დაკომპლექტებული პარლამენტის დელეგიტიმაცია. ვინც ამბობს, რომ ასეთი პროცედურა არ არსებობს – ტყუის. პასუხი კონსტიტუციაშია (არაა აუცილებელი ყველაფერი საარჩევნო კოდექსში ეწეროს) სწორედ კონსტიტუციური პრინციპია, რომ ადამიანს ვერ დააძალებ რაიმე თანამდებობის დაკავებას, მისი ნების წინააღმდეგ. შესაბამისად ვერ ცნობ მის უფლებამოსილებას თუ ის წინასწარ აცხადებს უარს”, -განმარტავს ლევან ბეჟაშვილმა”, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს “ ვაჩვენოთ ერთიანობა და მოვახდინოთ გაყალბებული პარლამენტის დელეგიტიმაცია”, – წერს სტატიის ავტორი.
საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართება – იქნება თუ არა ივანიშვილი “ოცნების” კანდიდატურა
“სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ამ წლის ბოლოს ეწურება და როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნები იანვრის დასაწყისში გაიმართება. ამჯერად პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავნ, რომ ახლა “ოცნებაში” მიდიოდეს კანდიდატურის შერჩევის პროცესი, ან უკვე შერჩეული ჰყავს. ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატი რიგ მიზეზთა გამო, “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე იყოს, ან ისეთი პირი, რომელსაც საზოგადოების მეტ-ნაკლები ნდობა აქვს და დასავლეთისთვისაც მისაღებია. უნდა აღინიშნოს, რომ 300-კაციან საარჩევნო კოლეგიაში შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), ს უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართება – იქნება თუ არა ივანიშვილი “ოცნების” კანდიდატურა.
“მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან წარმომადგენლები შემდეგნაირად შეირჩევა – ყველა პარტიას, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში 1% მაინც მიიღო, შეუძლია, რომ საარჩევნო კოლეგიაში დელეგატი წარადგინოს, რაოდენობა კი მიღებული პროცენტების პროპორციულად ნაწილდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. “ყველაფერი არის მშვიდად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა. ამის შემდეგ საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. არაერთი პროექტი ხორციელდება, ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას ვიწყებთ. პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს”,- განაცხადა კობახიძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ “ოცნება” ისეთ ადამიანს შეარჩევს, რომელსაც ექნება მეტ-ნაკლები ცნობადობა, საზოგადოების ნდობა და დასავლეთისთვისაც მისაღები იყოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ქართული ოცნება” ალბათ ისეთ შეცდომას აღარ დაუშვებს, რაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში დაუშვა. ჩემთვის დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, მასზე შეაჩერა არჩევანი და ეს მას დაუჯდა არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სხვა განზომილებითაც, რაც ყველამ კარგად დაინახა. შესაბამისად, შერჩეული იქნება ადამიანი, რომელიც შეიძლება “ქართულ ოცნებასთან” ასე პირდაპირ არ იყოს აფილირებული და საზოგადოებაში ექნება მეტ-ნაკლები ცნობადობა და ნდობის კრედიტი, რომ ეს არ იყოს “რუხი ცხენი” – არსაიდან მოსული ადამიანი. ალბათ ახლა ასეთ კანდიდატურაზე მიდის მუშაობა და მისი გამოძებნა. ერთია, რომ პარტიას ვინმეს შერჩევა უნდოდეს და მეორეა, რომ ის ამ თანამდებობის დაკავებაზე დათანხმდეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე და შეკითხვაზე – “ბიძინა ივანიშვილი რამდენად დათანხმდებ?” – პასუხობს:
“ვერ გეტყვით რამდენად შეიძლება დათანხმდეს, ყოველ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ვარიანტი არ განიხილება, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია ისე სწრაფად და განუჭვრეტლად ვითარდება, რომ ყველაფერი დასაშვებია”.
“მე ნამდვილად ვერ ვხედავ იმის მიზეზს და მოტივს, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტის კანდიდატურის გამო აქციები გამართოს. აქციას რაღაც აზრი, დატვირთვა და რაღაც არგუმენტაცია ხომ უნდა ჰქონდეს, რომ ხალხი გამოჰყვეს?! აგერ ვხედავთ, რომ აქციებს არჩევნების გაყალბების მოტივით მართავენ, მაგრამ მაინცდამაინც ბევრ მონაწილეს ვერ აგროვებენ. მეორეც, სადღეისოდ ოპოზიციის პოზიცია ასეთია, რომ პარლამენტში არ შევლენ და თუ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას არ აპირებენ და ისევ ქუჩაში იდგებიან, მათთვის პრეზიდენტის კანდიდატურის გაპროტესტებას რა აზრი აქვს? მათთვის სულერთი იქნება ვინ იქნება პრეზიდენტი, თუკი ისინი ოფიციალურ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებენ. ვიდრე პრეზიდენტს დაამტკიცებდეს კოლეგია, დასავლეთმა უნდა აღიაროს საპარლამენტო არჩევნები, რომ მიუხედავად არსებული დარღვევებისა, მაინც მეტ-ნაკლებად ლეგიტიმური იყო და თუკი დასავლეთი საპარლამენტო არჩევნებს აღიარებს, პრეზიდენტის კანდიდატურაზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეს?” – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, საღი აზრიდან და პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე, “ოცნებამ” ისეთი პიროვნება უნდა შეარჩიოს, რომელიც მას აწყობს, პოლიტიკურ პრობლემებს არ შეუქმნის და იქნება ისეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ასევე დასავლეთისთვისაც”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” არ გამორიცხავს, რომ “ოცნებამ” თავად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა წამოაყენოს. მისი თქმით, არაა გამორიცხული დასავლეთს და ოპოზიციას ანალოგიური რეაქცია ჰქონდეს, როგორც საპარლამენტო არჩევნებისას ჰქონდა.”, – დასძენს გამოცემა.
“არაა გამორიცხული, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილმა იყაროს კენჭი, რადგან ის უკვე სხვა რომელიმე კანდიდატს აღარ ენდობა. მისი ინიციატივა იყო როგორც ს, ისე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და არცერთმა არ “გაუმართლა”. თან რაღაც გარანტიებიც ექნება, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას პარლამენტი იღებს და თუ ის არალეგიტიმური იქნება და დასავლეთიდან არ აღიარებენ, ლეგიტიმაცია არ ექნება არც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არავინ არ მიულოცავს. ახლა თავისთავად გამორიცხულია, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა კვლავ წამოაყენონ, უფრო ბიძინა ივანიშვილი მგონია, რომ მერე არავინ არ თქვას, რომ არაფორმალური მმართველობაა. ეს ოპოზიციისთვის დამატებითი მიზეზი იქნება, რომ ქუჩაში გამოვიდეს. შიდა სიტუაცია ისედაც დაძაბულია, კულმინაციური მომენტი იქნება, როცა პარლამენტის ე.წ. პირველი სესია ჩაინიშნება. პრეზიდენტის არჩევნები კი, რა თქმა უნდა, სიტუაციას უფრო გაამწვავებს”, – თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
აფხაზებს “სიჯიუტისთვის” მოსკოვი სასჯელის დამძიმებით ემუქრება – “დარჩებიან უდენოდ, პენსიებისა და სოციალური ტრანშების გარეშე”
“აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე, ჯემალ გამახარია 15 ნოემბერს აფხაზეთში დიდ წინააღმდეგობასა და შეტაკებას ვარაუდობს. ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით კი, “პარლამენტში” ორმხრივი წინააღმდეგობაა – სადავო კანონის მიღება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების არ გამორიცხავს, რაც მისივე აზრით, აფხაზურ ეკონიმიკას საერთოდ ჩამოშლის. “ეს კანონი პირველი მოსმენით ე.წ. პარლამენტის სხდომაზე არ გავიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ “პარლამენტის” ზოგიერთი წევრი წინააღმდეგია, დიდი ალბათობით, ახლა გავა, რადგან “პარლამენტზე” ძალიან სერიოზული ზეწოლაა, როგორც მოსკოვიდან, ისე ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით პრეზიდენტის აპარატიდან”, – აღნიშნა არეშიძემ. ჯემალ გამახარიას განცხადებით კი, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მოხდება თუ არა დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა, თუ ასე იქნება, გამახარიას აზრით, ამას მინიმუმ, დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლების დაკარგვა მოჰყვება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზებს “სიჯიუტისთვის” მოსკოვი სასჯელის დამძიმებით ემუქრება – “დარჩებიან უდენოდ, პენსიებისა და სოციალური ტრანშების გარეშე”.
“ასეთი წინააღმდეგობა იშვიათად მახსენდება, კანონის გატანის წინა დღეებში რომ იყო, იმაზე დიდი უკმაყოფილებაა ახლა. ველოდები ძალიან დიდ შეტაკებას, წინააღმდეგობას ზეგ 15 ნოემბერს. ძნელია იმის თქმა, ეს მიღებული იქნება თუ არა, მაგრამ მიღების შემთხვევაშიც, ამას განხორციელება სჭირდება. განხორციელების ეტაპზეც დიდი წინააღმდეგობა იქნება. დე ფაქტო არჩევნები მოდის და ოპოზიცია ამას კარგად გამოიყენებს. ოპოზიცია ბჟანიას სთავაზობს, არჩევნებს დაელოდოს, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს და ამ პროგრამით გავიდეს არჩევნებზე – კანონი ინვესტიციების შესახებ, საკონსტიტუციო კანონი, აპარტამენტები. ამით გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და თუ მხარდაჭერას მიიღებს, წინააღმდეგობა შეწყდება. ამიტომ, თუ ეს ყველაფერი მიღებული იქნება, მინიმუმ მოხდება ის, რომ ბჟანია ხელისუფლებას დაკარგავს. წინასაარჩევნო ფონი ამ დოკუმენტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენთან რომ იდგა ახლა საკითხი – ევროპა თუ , რაც ჩემი ღრმა რწმენით მოგონილი იყო და რეალურად არ იდგა, აქ, სინამდვილეში დგას საკითხი ყოფნა-არყოფნის. ყველა შეთანხმება, კანონი, რუსეთის ზეწოლით იღებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, მიმართულია ანექსიისკენ”, – ამბობს გამახარია, რომლის განმარტებით, “ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას კიდევ ამ მიმართულებით და ამას ეწინააღმდეგება საზოგადოება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გარდა ამისა, ჯემალ გამახარიას თქმით, რუსულ მედიაში გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ თუ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, ის რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი. “აფხაზები ინვენსტიციების წინააღმდეგები კი არა, იმ პირობების წინააღმდეგები არიან, რა პირობებითაც ისინი შემოდის. წარმოიდგინეთ, ვითომ ვიღაც დიდ სიკეთეს გიკეთებთ, თქვენ წინააღმდეგი ხართ და რადგან წინააღმდეგი ხართ, გსჯიან… რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ზომები მიიღოს ამ აბუნტებული ხალხის წინააღმდეგ და ჩააცხროს ყველაფერი. გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი, თუ ეს ასე გაგრძელდება. კარგად ჩანს, ვის ინტერესებშია ეს ე.წ. ინვენსტიციები, რომელიც აფხაზეთში უნდა შემოვიდეს და ვითომ ამით აფხაზეთი აშენდება, ცხოვრების დონე ამაღლდება, ბიუჯეტი გაიზრდება და ა.შ. ამას იარაღით და ძალის გამოყენებით გააკეთებს რუსეთი – ამასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე”, – დასძენს გამოცემა.
“საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ”, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატაიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის “ოპოზიციის” ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა გუშინ, ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა. მამუკა არეშიძის შეფასებით, თუ აფხაზების სიჯიუტე გაგრძელდება, მაშინ მათ გაცილებით მძიმე სანქციები დაეკისრებათ. თუმცა, მისივე თქმით, კანონის მიღებაც გაანადგურებს აფხაზურ ეკონომიკისა და ბიზნესს”, – წერს სტატიის ავტორი.
“მოსკოვმა აფხაზები ულტიმატუმის წინაშე დააყენა იმ თვალსაზრისით, რომ თუ მათი სიჯიუტე გაგრძელდება, მაშინ იმ სანქციების გარდა, რომელიც უკვე შემოღებულია, ვგულისხმობ ტრანშების შეჩერებას, დენის მიწოდების გაძვირებას, უფრო უარესიც დაემატება. აქ განიხილება რამდენიმე ადამიანისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და კიდევ სხვა სანქციები – საზღვრის ჩაკეტვა, პროდუქტის არშესყიდვა და ა.შ. აფხაზეთი სხვანაირად მოწყობილი რეგიონია. რადგან ისინი ცოტანი არიან, იქ ძალიან აქტიურია კლანური ცხოვრების წესი. აქედან გამომდინარე, ბარიკადის ორივე მხარეს ერთმანეთის ნათესავები არიან და არავითარ შემთხვევაში საქმეს იქამდე არ მიიყვანენ, რომ ადგილი ჰქონდეს შეიარაღებულ დაპირისპირებას. იმის მიუხედავად, რომ ასლან ბჟანია აფხაზური საზოგადოების თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, მე ეჭვი მეპარება, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ის ხელისუფლებას დაკარგავს, რადგან ამ გამოწვევის გასამკლავებლად მას მაინც აქვს ძალა. მას მოსკოვი უჭერს მხარს. ამიტომ თითოეული აფხაზი აცნობიერებს, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა მათ მკაცრად მოექცეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“მათ კარგად იციან, რომ ამ ზამთარში ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩებიან. ფინანსური დახმარება ხომ შეწყვეტილია და ახლა ამას დაემატება დენის საკითხი. აფხაზეთის ენერგოსისტემა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მტერს არ ვუსურვებ. 30 წლის განმავლობაში კომპანია “ჩერნომორენერგოს” მდგომარეობის გამოსასწორებლად თითი არ გაუნძრევია. კერძოდ, ამ სადენების 80% სავალალო მდგომარეობაშია. დენის უზარმაზარი რაოდენობა, 25-30-% სადენების სიძველის გამო იკარგება. თანხის ამოღება სულ არის 45%, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძირითადად გალის რაიონიდან ხდება. დანარჩენი აფხაზეთის ტერიტორიიდან ამოღება ძალიან დაბალი პროცენტითაა. აფხაზური ენერგეტიკა სულს ღაფავს. ამიტომ თუ ისინი გაჯიუტდებიან და ეს მათ ძალიან კარგად იციან, დეკემბრის პირველი რიცხვებიდან უკვე დარჩებიან უდენოდ, ამას პლუს პენსიებისა და სოციალური ტრანშების გარეშე იქნებიან. მეორე მხრივ, თუ კანონი მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზური ეკონომიკა და ბიზნესი საერთოდ ჩამოიშლება, რადგან იმ ახალი კანონით განსაკუთრებული შეღავათები აქვს რუსულ ბიზნესს, რომელიც აფხაზეთში იმუშავებს. 15 ნოემბერს, “პარლამენტთან” აქციას ველოდები, თუმცა ძალიან დაბალი შანსია, რომ თავისი გაიტანოს ამ ოპოზიციამ”, – ამბობს მამუკა არეშიძე.