თბილისში 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა

თბილისში, მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. მასთან ერთად მსახურებდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია.
100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე პატრიარქის ნათლულებისგან შედგენილმა გუნდმა “საგალობელი” და საპატრიარქოს ჩოხოსანთა ანსამბლმა “მარულა” ქართული საგალობლები შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 100 000 მოწამის ხსენების დღეს.
მეტეხის ხიდზე მრევლი ტრადიციულად, ყოველ წელს, საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება და ერთობლივი ლოცვით პატივს მიაგებს გმირ წინაპრებს.
ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქი დაიპყრო, სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არც ერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არც ერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები.
“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარე მტკვარში ჩაყარეს. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!