გორის ყოფილმა მერმა და ახლა უკვე “ქართული ოცნების” დელეგატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, მერიის დახმარებით დედას მიწა უსასყიდლოდ გაუფორმა.
აღნიშნული გამოცემა “მოზაიკას” მიერ მოძიებული დოკუმენტებით დგინდება. საუბარია 849.00 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ქონებაზე, რომელიც გორში თამარ მეფეზე მდებარეობს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახის სხვა საკუთრებებს ესაზღვრება.
მიწის ნაკვეთის გაფორმება ყოფილი მერის დედამ გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აღიარების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტით შეძლო. დოკუმენტს ხელს კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი აწერს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ ამავე მიწის მეზობლად კიდევ ერთი ნაკვეთი დაირეგისტრირა. დოკუმენტების თანახმად, მან მიწა ხვიჩა საბაშვილისგან იყიდა. როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, 850 კვ.მ ფართობის ნაკვეთში 1 000 ლარი გადაიხადეს მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე მსგავსი ნაკვეთის ღირებულება 100 000 დოლარს აჭარბებს.
ჯამში, დღევანდელი მდგომარეობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახი აღნიშნულ ქუჩაზე 8 250 კვ.მ. ფართობის უძრავ ქონებას ფლობს. მათ ნაწილს ახლა უკვე “ქართული ოცნების” დელეგატი კომერციული მიზნებისთვის იყენებს.