პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო, საქართველოს საქმეთა რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
მოლდოვური მედიის ცნობით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის ელჩს მოლდოვაში, საღამოს კი ქართველი დიპლომატის ჯერი დადგა.
კიშინიოვმა ღრმა უკმაყოფილება გამოთქვა ირაკლი კობახიძის მიერ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ბოლო სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მოლდოვის ხელისუფლების აზრით, არასწორად ასახავს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და მის საარჩევნო პროცესს.
„მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოუცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იმ დამახინჯებული და შეცდომაში შემყვანი განცხადებების თაობაზე, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსჯელობს მოლდოვის რესპუბლიკის ევროინტეგრაციასა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე“, — ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა, სადაც „არათუ დარღვეული იყო, ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა“.
„თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივეა, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45% აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას; მოლდოვა არის დსთ-ის წევრი ქვეყანა; მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები, ისევე როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება. ეს ხომ არის ცალსახა უსამართლობა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, „ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული“.