ცესკოს თქმით, კანონმდებლობის გამო სიებზე #4 და #5 კოალიციების მიმართვებს ვერ დააკმაყოფილებს

საარჩევნო ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ კოალიციების მიმართვის დაკმაყოფილება კანონით შეუძლებელია.
საუბარია “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასა” და კოალიციაზე “ცვლილებებისთვის”, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ამისთვის, მათი საარჩევნო სიის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად მიმართა ცესკოს და მოითხოვა, არ გასცენ პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობა.
სანტურიანი განმარტავს, რომ კანონმდებლობა ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს.
“მოქმედი კანონმდებლობა, ახალდარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე, პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში. სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის”, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩეული დეპუტატების სია ცესკომ უნდა გადასცეს პარლამენტს და შემდეგ, პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ცნოს მათი უფლებამოსილება.
პარლამენტის ახალი შემადგენლობა სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ამასთან, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის უბრალო უმრავლესობა, 76 ხმაც საკმარისია.
რადგან ცესკო არ აპირებს ოპოზიციური კოალიციების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მათ რეგისტრაციაში გაატარებს, პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. “ქართულ ოცნებას”, რომელსაც, არსებული მონაცემებით 89 მანდატი ერგება, შეუძლია ყველა არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება ცნოს. მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წევრებისაც.
ამის შემდეგ, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეძლებათ განცხადებით მიმართონ უკვე პარლამენტს და მიღებული უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვონ. ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ, მიმართონ ცესკოსაც და გააუქმონ თავიანთი საარჩევნო სიები, რათა დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ.
ამავე თემაზე:
· რა მოხდება, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა
· #4 და #5 კოალიციები ცესკოს მიმართავენ და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება