ისრაელის იერიშების შემდეგ ირანი თეირანში „თავდაცვით გვირაბს“ აშენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქვეყანაში პირველად, თეირანში თავდაცვითი შესაძლებლობების მქონე გვირაბი შენდება“, – წერს ირანული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბი, რომელიც თეირანის ცენტრში მდებარეობს, ქალაქის მეტროს სადგურს იმამ ხომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც ირანმა 14 აპრილსა და 1-ელ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისას გამოიყენა.