აფხაზური ტელეგრამ არხის, ‘RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, კოდორის ხიდზე გადაადგილება დროებით შეზღუდული აღარ არის.
ხიდის დაბლოკვის მიზეზი ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავება გახდა. ისინი ეწინააღდეგებიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი კანონის მიღებას რუსული კომპანიების აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების შესახებ, რაც რუსულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს უწესებს.
არხის ინფორმაციით, გადაწყდა სამი ხიდიდან ერთის დროებით განბლოკვა.
გადაკეტილი იყო გუმისთის, კოდორისა და ქვემო გუმისთის ხიდები. ამჟამად მოძრაობა შეზღუდულია გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდებზე.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გარანტია მისცეს, რომ დაკავებული ოპოზიციონერები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან.
“RESPUBLICA-ს” ცნობით, 11 ნოემბერს გუდაუთაში საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებული ოპოზიციონერები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
“აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში მყოფმა პირთა ჯგუფმა პარლამენტის წევრის მიმართ უხამსი სიტყვების გამოყენებით უკანონო ქმედებები ჩაიდინა,”- განაცხადა დაკავებულების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა.
მისივე თქმით, დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და უსაფრთხოების ძალები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
აფხაზეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა რამდენიმე ოპოზიციონერის დაკავებას. 12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები დაბლოკეს. დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავეები დაისჯებიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი რუსეთისა და აფხაზეთის [დე ფაქტო] საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.
რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შეღავათებით განხორციელების საშუალებას აძლევს, რასაც მოკლებული არიან ადგილობრივი კომპანიები.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.“შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. დოკუმენტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, სითბოს მიწოდებაზე, ტრანსპორტზე, სოციალურ და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე”, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციები გადამწყვეტ როლს თამშობს აფხაზეთში დე ფაქტო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის პროცესში.
“ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში მაღალი საინვესტიციო აქტივობა შეინიშნება. 4 წლის განმავლობაში ძირითადი კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა 2,5- ზე მეტით გაიზარდა და გადააჭარბა 11 მილიარდ რუბლს. დადებით დინამიკას ადასტურებს საშუალო თვიური ხელფასის ზრდაც, მშპ-ს ზრდა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაორმაგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ თვისებრივად ახალი მიდგომის დემონსტრირება – ვამცირებთ სახელმწიფო ინვესტიციების დონეს და გავზრდით კერძო ინვესტიციების დონეს. ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმება, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე. ასეთი საინვესტიციო პროექტები ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების საერთო სურათს”, – ამბობს ოზგანი.
აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს “სავალდებულო რატიფიცირებას სახალხო კრებაში – აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში”.
მთავარი ფოტო: D News Abkhazia