კალანდარიშვილმა, ამ ხმების ქურდმა, ამ მომავლის ქურდმა თქვა, რომ „რა გადამაყოლეთ ერთ შავ წერტილსო“ კალანდარიშვილო, ბიძინა, ამ შავ წერტილს გადაგაყოლებს ქართველი ხალხი, ეს არის შავი ლაქა თქვენს ცხოვრებაში , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე და ეს გამარჯვება ახალი არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.
„მინდა ერთი რამე გითხრათ, გუშინ ცესკოში მიდიოდა რაღაც მსჯელობა და კალანდარიშვილმა, ამ ხმების ქურდმა, ამ მომავლის ქურდმა თქვა, რომ რა გადამაყოლეთ ერთ შავ წერტილსო. კალანდარიშვილო, ბიძინა, ამ შავ წერტილს გადაგაყოლებს ქართველი ხალხი. ეს არის შავი ლაქა თქვენს ცხოვრებაში. ეს არის ის, რომელმაც ჩვენს შვილებს მომავალი მოჰპარა. ესენი არიან მომავლის ქურდები, ამიტომ არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება იქნება ახალი არჩევნები და ევროპაში შესვლა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ მათი მისამართით გაკეთებული „შეურაცხმყოფელი“ განცხადებებისთვის ბოდიში მოუხადა.
„მინდა დავიწყო ბოდიშით. ჩვენი მეგობრები, რომლებიც 33 წელია ჩვენს გვერდით დგანან, მათი გადასახადის გადამხდელების ფულით საქართველო – ნელ-ნელა სტაბილურად განვითარდა და უამრავ რამეში მივიღეთ მხარდაჭერა. დღეს ისინი ჩამოვიდნენ და „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ხალხმა არ მიიღო. შეიძლება არ მიიღო, მაგრამ შეურაცხყოფას რომ აყენებ შენს მეგობარს და სტუმრად ჩამოსულ კაცს, ეს არც ქართულია, არც კაცურია და არც არაფერი არ სამარცხვინო ხალხი არიან ესენი. მე პირადად ვუხდი ამ ხალხს ბოდიშს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ასეთი ადამიანები. ჩვენ ვიცით მეგობრის ფასიც, სტუმართ-მასპინძლობაც და ვიცით ის, რომ ამ გაჭირვების დროს, ვინც ჩვენს გვერდში დგას, ყველას მივესალმოთ და ყველას გაუმარჯოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.