გიორგი მარგველაშვილი – თბილისის აქციაზე ევროპელი მეგობრების გამოსვლა ნათლად აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ პარტნიორებს – არ ვიცი, ხელისუფლება რას ლაპარაკობს, რადგან მისი ადეკვატურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

თბილისის აქციაზე ჩვენი ევროპელი მეგობრების გამოსვლა ნათლად აჩვენებს იმას, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსს” აქციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ქართველ ხალხს ევროპული საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს.
“მე მგონია, თბილისის აქციაზე ჩვენი ევროპელი მეგობრების გამოსვლა ნათლად აჩვენებს იმას, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს – ეს არის უაღრესად ნათელი, მკაფიო, მრავლის მთქმელი გზავნილი ევროპიდან საქართველოსკენ. მათ ქართველი ხალხი ევროპული საზოგადოების ნაწილად მიაჩნიათ და ქართულმა სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა განახორციელოს თავისი სახელმწიფოებრიობის განვითარება, ამ შემთხვევაში, მოპარული ს დაბრუნება ხალხისთვის.
მე არ ვიცი, ხელისუფლება რას ლაპარაკობს, რადგან ხელისუფლების ადეკვატურობა ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას გამოგონებული აქვს გაუგებარი, არ არსებული ომის პარტია და მას ებრძვის. ასეთივე წარმატებით შეუძლია თქვას, რომ უცხოპლანეტელებს ებრძვიან. ის, რაც ჩვენ დღეს თვალნათლივ ვნახეთ, ამ გამომსვლელების სიტყვას თუ გავშიფრავთ, თუ იმას დავაკვირდებით, რამდენ ათი ათასიანი აქცია იყო და მიტინგი მიდიოდა ინგლისურ ენაზე, ქართული საზოგადოება უაღრესად განათლებული საზოგადოებაა და გზავნილებიც ძალიან ნათელი და მარტივი იყო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.