საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კვლავ ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას. როგორც მან განმარტა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს მთავრობის დადგენილება, რომელიც საქართველოში არსებულ სამეცნიერო – კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს ანგარიშვალდებულს ხდის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე.
„ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი – კანონი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ. ჩვენ მხოლოდ მადლიერება შეგვიძლია გამოვხატოთ სახელმწიფოს მიმართ. ეს ყველაფერი გამოიხატება მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერაში. აკადემიას საკუთარი ადგილი უკავია სახელმწიფოში.
ხსენებული კანონის თანახმად, საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები ანგარიშვალდებულები არიან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ არ დავკარგოთ კონტაქტი მეცნიერებთან. ბევრი მეცნიერისგან იგრძნობა საქმისადმი ენთუზიაზმი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება კვლევით ინსტიტუტებში, კერძოდ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკური დარგის მიმართულებებსა და ჰუმანიტარიაში. ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს და არ შეიძლება ამის არ აღნიშვნა. დღეს, როდესაც ვზეიმობთ მეცნიერების დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მეცნიერება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და კვლევითი დაწესებულებები ბევრს აკეთებენ, რათა ქართული მეცნიერება საერთაშორისო მასშტაბის იყო. ვცდილობთ, ურთიერთობები შევინარჩუნოთ უცხოელებთან. ბევრი აკადემიკოსი გვყავს, რომელიც უცხოეთის სამეცნიერო – კვლევით ცენტრებშია დასაქმებული. დაახლოებით 300-მდე ქართველი მუშაობს საერთაშორისო მასშტაბით. ისინი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ“,- აღნიშნა როინ მეტრეველმა.
მეცნიერების მსოფლიო დღეზე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. როგორც მან განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების დღეს ხდება სამეცნიერო შედეგების და მიღწევების შეჯამება, ამასთან, იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ყოველთვის აღნიშნავს ამ დღეს. დღეს მოწვეული გვყავდა ქართველი მეცნიერები, მოხდა მათი სამეცნიერო შედეგების დაფასება, შესაბამისი სიგელები გადაეცათ გამორჩეულ ქართველ მეცნიერებს“,- აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.