საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ილიას კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია – „ილია და ქართული ევროპეიზმი“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფარგლებში, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ჭანტურიამ, საჯარო ლექცია – „ილია და ქართული ევროპეიზმი”, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.
როგორც პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში „ილიას კვირეული“ 8 ნოემბერს დაიწყო.
„ფაკულტეტი, ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში შემეცნებით ტურს საჯარო ლექციით აგრძელებს. ჩვენ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოში ილია ჭავჭავაძემ შექმნა ახალი ნაციონალური თვითშეგნება, ერთიანი ეროვნული სააზროვნო სივრცე და ნაციონალური კუთვნილების გარემო. დიდი ილია ამბობდა: „ისტორია და წარმატება — მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპელი”. ქართული კულტურა, მწერლობა, ფილოსოფიური და ფილოლოგიური აზროვნება იმდაგვარია, რასაც მოგვიანებით ევროპულის სახელი დაერქვა. იგი ევროპული კულტურის სადავეებთან დგას, მარად ეხმიანება იმით, რომ ევროპეიზმის დიდი შინაარსის განსაზღვრაში მონაწილეობს. ქართული ისტორიის კატაკლიზმების გამო ქართული კულტურა ევროპულს დროდადრო ძალადობრივად მოწყდებოდა ხოლმე, მაგრამ გენეტიკური ერთიანობის განცდა კვლავ აბრუნებდა ევროპისაკენ. ქართული კულტურა ამჟამადაც ევროპეიზმის კულტურული არეალის დიდი შინაარსის გამოვლენას წარმოადგენს. ამჟამად, ევროპასთან დაახლოებისა და ევროპულ კულტურაში ინტეგრირების თვალსაზრისით უპრეცედენტო შესაძლებლობების ეპოქაში ქართულ კულტურულ ცნობიერებას, მისი ღირებულებითი სისტემის ელემენტებს -ფილოლოგიას, ხელოვნებას, მწერლობას, ჰუმანიტარულ აზროვნებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ევროპული კულტურის ამჟამინდელი კრიზისის დაძლევაში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპეიზმის ერთ უაღრესად აქტუალურ, გამოვლინებად წარმოდგა ქართული საზოგადოებრივი აზრის მანიფესტაციის ევროპული ტექნოლოგია – პუბლიცისტიკა – აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემების გამოხატვის ფორმა. პუბლიცისტიკის ენა გახდა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების პრობლემათა მასობრივ აუდიტორიამდე მიტანის საუკეთესო ფორმა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში პუბლიცისტიკის პოპულარობას ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე ნიჭიერი პუბლიცისტების მთელი თაობა გამოვიდა, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი დიდი მოღვაწე გამოირჩა – ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მათ ძალიან მალე გვერდში ამოუდგა ქართული პუბლიცისტიკის მესამე დიდი სახელი – ნიკო ნიკოლაძე. სწორედ პუბლიცისტიკის ენით შექმნა ილია ჭავჭავაძემ ქართული XIX საუკუნე, განსაზღვრა (რაც მთავარია, გაუცნობიერა ხალხს) ქვეყნის განვითარების გეზი და ქართველად მყოფობის პოლიტიკური ფილოსოფია“, – განაცხადა დეკანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის – „ილია და ქართული ევროპეიზმის“ მიმდინარეობისას სტუდენტების კითხვებს ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ჭანტურიამ გასცა პასუხი.