კონფლიქტები მხოლოდ სასაფლაოზე არ გვხვდება და მე იქ არ მეჩქარება – ფრანგი დეპუტატი პაპუაშვილს

„ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო“, – ასე უპასუხა ფრანგმა პარლამენტარმა ფრედერიკ პეტიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს უარს, შეხვედროდა ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას.
ფრანგი პარლამენტარის თქმით, პაპუაშვილის განცხადება დემოკრატიის არსის სრული უარყოფაა.
„ძალიან გულდასაწყვეტია. ევროკავშირი არის ოჯახი, იგი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი… ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ „მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე“. ეს ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ. ევროკავშირი დასაწყისიდან ამ საფუძვლებზე იდგა. ევროპაში განხილვები მიდის იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება და ამაში, რა თქმა უნდა, პარლამენტებია ჩართული“, – განაცხადა ფრედერიკ პეტიტმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.
კერძოდ, თბილისში იმყოფება ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ამ ჯგუფმა“ მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვა, რაზეც უარი უთხრა და მიზეზი წერილობითაც განუმარტა. აღნიშნულ წერილს პაპუაშვილი Facebook-ზე ავრცელებს.
უარის ერთ-ერთ მიზეზად პაპუაშვილი ასახელებს, დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს კრიტიკულ განწყობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი.
პაპუაშვილი მათ არამეგობრულ დამოკიდებულებასა და საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
პაპუაშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე EU-ს ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციას