როთი: აქ იმისთვის არ ვართ, რომ რეჟიმის ცვლილებას შევუწყოთ ხელი

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხაელ როთმა 11 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციასთან ერთად, როგორც ქართველი ხალხის მეგობარი.
“ჩვენ არ ვართ აქ როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას, ვიცი ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ”, – თქვა მიხაილ როთმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ერთმანეთის საქმეებში ჩარევა მნიშვნელოვანია და “ქვეყანაში არსებული პრობლემის დროს ჩარევა სწორი პრაქტიკაა” და ამას აკეთებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც.
“ჩვენ აქ ვართ ვინაიდან ძალზედ შეშფოთებული ვართ თ და საქართველოს არსებული ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით, საქართველოს ბოლოს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. ბევრ საარჩევნო უბანზე ხმის ფარულობა არ იყო გარანტირებული, ამომრჩევლის დაშინებამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დაშინებამ, ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და გაზარდა კითხვები შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, თქვა როთმა, მისი სიტყვებით ამის შესახებ განაცხადეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მედიამ და ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა.
როთის სიტყვებით, მხარს უჭერენ მაკრონის, შოლცისა და ტუსკის მოწოდებას არჩევნებზე არსებული დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე.
“ამ მტკიცებულების გამოძიების გარეშე ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს როგორც ლეგიტიმურს” – თქვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ისინი მოითხოვენ ინდივიდუალურ სანქციებს, იმათ მიმართ, „ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა მანიპულაციაზე და დაშინებაზე“.
როთის სიტყვებით, “თუ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა გააგრძელებს თავის ანტიდემოკრატიულ ტრაექტორიას, გააგრძელებს ევროპული ღირებულებისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან”.
როთი სიტყვებით საქართველო იმყოფებიან იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ არა მხოლოდ პრეზიდენტთან და სამოქალაქო სექტორთან, არამედ მმართველ გუნდთანაც.
“სამწუხარომ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ არ ისურვა შეგვხვედროდა, ეს სამწუხაროა. დიალოგი მნიშვნელოვანია, რომც არ ვეთანხმებოდეთ უნდა შევიკრიბოთ და გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები, ეს არის ევროპის არსი ამიტომ ვართ აქ”, – თქვა მიხაილ როთმა. რომელმაც მედიას მიმართა, კითხვა თუ რატომ არ შეხვდა მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი, უმჯობესია თავად მათ დაუსვან.
“უკაცრავად, მაგრამ მმართველ პარტია ჰკითხეთ, რატომ არა სურდათ ან რატომ არ შეეძლოთ მივეღეთ როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ აქ ვართ როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები… და არ მესმის მმართველო პარტიის ზოგი წარმომადგენელი რომ გვიწოდებს მტრებს, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ მეგობრები ვართ” – განახადა მიხაილ როთმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არსებული შესაძლო დარღვევების გამოძიების საკითხზე საუბრისას ,მან თქვა, რომ “საერთაშორისო გამოძიება არის ერთადერთი შანსი ნდობის დასაბრუნებლად”
“სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ყველაფრის წინაპირობაა, რასაც ჩვენ მოველით საქართველოს მმართველი პარტიისგან, არის ის რასაც ევროკავშირი მოელის საქართველოსგან – არა მხოლოდ “აგენტების და ანტილგბტ კანონის” გაწვევა, ასევე ოფშორების კანონის გაწვევაც და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება”.
მისი სიტყვებით ეუთო/ოდირი ვერ განაცხადებს არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი “ეს ჩვენი მოვალეობაა”.
“ზოგი ჩვენი [ქართველი] კოლეგა გვეუბნებოდა, ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, არ ვართ სრულყოფილ და შესაძლოა დეტალებში ყველაფერი არ იყოს სწორი, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი რიგზე იქნება, ეს არ არის სიმართლე”.
თბილისში იმყოფებიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ს და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ისინი დილით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ორბელიანების სასახლეში გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია. დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგებში ხვდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს, 11 ნოემბერს გამოქვეყნებული წერილის თანახმად, „აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს”.
ბოლო თვეებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობა მოუწოდებდნენ არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლურ რიტორიკა და ცრუ განცხადებები.
„ქართული ოცნების” ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და საქართველოს მთავრობასთან კონტაქტები.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

ასევე დაგაინტერესებთ