როცა გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულშია, მისგან ორმაგ დუბლს უნდა ელოდე. “ორლანდო მეჯიქმა” “ვაშინგტონ ვიზარდს” უმასპინძლა და დამაჯერებლად რომ სძლია, ქართველი ცენტრის დიდი დამსახურებაცაა. ბითაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. ქართველმა ცენტრმა მაღალი პროცენტულობით ესროლა და 6 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო.
ბითაძე ზედიზედ მე-4 მატჩია, სასტარტოშია და ორჯერ ორმაგი დუბლი შეასრულა, ორჯერ კი ამ შედეგამდე 1 მოხსნა
დააკლდა. ორლანდოელთა ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერია, რომელმაც ტრავმა მიიღო და მოედანს ჩამოშორდა, მის არყოფნაში კი სასტარტოში ფეხგადგმული ქართველი ცენტრი ისევ ამტკიცებს, რომ კარტერზე არანაკლებ შედეგიანია.
ორლანდოს ტრავმირებული ჰყავს უპირველესი ლიდერი პაოლო ბანკეროც, რომლის არყოფნაში გუნდის შედეგიანობა არ დაცემულა. მეჯიქმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, მთლიანობაში კი 5 მოგება და 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 13 ნოემბერს,” შარლოტ ჰორნეტსთან”, შინ გამართავს.