გიგი წერეთელი – ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის აქციას და ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში პროტესტის განცდა – ოპოზიცია ძალიან კოორდინირებულად მუშაობს

თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის აქციას და ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში იქნება პროტესტის განცდა ს შედეგებთან და იმ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა დღეს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიცია ძალიან კოორდინირებულად მუშაობს“.
„კოორდინაცია არის პრეზიდენტთანაც, ასევე საზოგადოების ბევრ ჯგუფთან. ითქვა, რომ პროტესტი იქნება განგრძობითი. თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის აქციას – ზოგი უფრო მცირე მასშტაბისაა, ზოგი – დიდი. ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში იქნება ასეთი პროტესტის განცდა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და იმ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა. შესაბამისად, დღეს 2 ადგილას იქნება შეკრება: ქავთარაძეზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ და მარჯანიშვილის მოედანზე. ეს იქნება დემონსტრირება საპროტესტო განწყობის, რომელიც არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებშია, არამედ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც თავად დარწმუნდა, რასთან გვქონდა საქმე 26 ოქტომბერს და როგორ მოხდა შედეგების, არჩევანის ცვლილება მთელი რიგი მანიპულაციებით. საუბარია, ფარულობის დარღვევაზე, პირადი ინფორმაციის მითვისებაზე და შემდეგ გამოყენებაზე, მოსყიდვასა და სხვა ტიპის მანიპულაციებზე. ამაზე არა მხოლოდ ჩვენი დამკვირვებლები, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებიც საუბრობენ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება იმას, შეუერთდებიან თუ არა 15:00 საათზე დაგეგმილი მსვლელობის მონაწილეები 19:00 საათზე „გირჩის“ მიერ დაგეგმილ აქციას, წერეთელი დაზუსტებულად ვერ პასუხობს და ამბობს, რომ „ეს ტაქტიკური საკითხია“.
„ვიცი რომ „გირჩი“საპროტესტო აქციას ატარებს და კარგია. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ოპოზიციურს პარტიებს, რომლებმაც არჩევნების შედეგები არ მიიღეს, არ აღიარეს და აპირებენ იყოს პროტესტი საკანონმდებლო თუ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად გამოყენებული, ჰქონდეთ კომუნიკაცია და სადაც შეიძლება ძალების გაერთიანება, ასე მოხდეს. ვფიქრობ, ეს საზოგადოებისთვის მისაღები იქნება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.