საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, 8 ადამიანი დააკავეს სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე.
პროკურატურაში მომხდარის ქრონოლოგია ასე აღწერეს:
· “2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა”;
· “მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა”;
· “იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ”;
· “როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.
· სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
· მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას”;
· “ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ”;
· “ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
· სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა”;
· “გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა”;
· “გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად”.
ფორუმი