არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო მობილიზება მოხდა, რადგან ყველამ ძალიან კარგად გააცნობიერა ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი. აქეთ დაგროვდა იმხელა ძალა და ერთიანობა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საგანგებო სქემა შეემუშავებინა , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, „საგანგებო სქემის“ მტკიცებულებები უკვე „დღის სინათლეზე“ გამოდის, რადგან დანაშაულს ბევრი მოწმე და მტკიცებულება დარჩა.
“არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო მობილიზება მოხდა, რადგან ყველამ ძალიან კარგად გააცნობიერა ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნისა და გადარჩენის საკითხი იდგა და დგას დღის წესრიგში. ამიტომ იყო ამ მასშტაბის მობილიზება ქვეყნის შიგნითაც და ჩვენს ემიგრაციაშიც და აქეთ დაგროვდა იმხელა ძალა და ერთიანობა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, რიგითი სქემები კი არ ჩაერთო, რომელიც ჩვენ გვინახავს წინა არჩევნებზეც, იგივე მოსყიდვა, იძულება, დაშინება, რაც ასევე იყო ამ არჩევნებში გამოყენებული, არამედ განსაკუთრებული, საგანგებო სქემა შეემუშავებინა და ამ საგანგებო სქემის მტკიცებულებები გამოდის დღის სინათლეზე და ვეღარ გაექცევა ამას იმიტომ, რომ განსაკუთრებული დანაშაულია ჩადენილი, რომელსაც ბევრი მოწმე და ბევრი მტკიცებულება დარჩა.
ეს არ იყო მხოლოდ არჩევნების გაყალბება, ეს სხვა ტიპის ფენომენია – არჩევნების მიტაცება, ხალხის ხმების მიტაცება, რომლისთვისაც ივანიშვილმა კრიმინალური სქემები გამოიყენა და ამ კრიმინალურმა სქემებმა ძალიან სერიოზული და მძიმე ნაკვალევი დატოვა, რომელიც ყოველდღიურად საჯაროვდება. კიდევ უფრო მეტს გავიგებთ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ოპოზიცია ერთად ვმუშაობთ საერთაშორისო აქტორებთან მტკიცებულებების წარსადგენად და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას პროკურატურის ობიექტურობის იმედი არ აქვს. მისი თქმით, საჭიროა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მისია, რომელიც რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით იხელმძღვანელებს.
“ამ გამოძიების ტენდენციურობაზე ისიც მიუთითებს, რომ მხოლოდ ოპოზიციის ლიდერები დაიბარეს. არ მახსენდება, რომ “ქართული ოცნების” რომელიმე ლიდერი დაებარებინოთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი საქმე უთხრას საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეებს, რომელი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და მიიყვანეს ბოლომდე. ბევრი საქმე შეიყვანეს ჩიხში და ნაცვლად გამოძიებისა, მტკიცებულებები გაანადგურეს. ჩვენ დასამალი და გასაქცევი არაფერი გვაქვს, გამოკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან მივდივართ, გუშინ მამუკა ხაზარაძეც იყო, მტკიცებულებები მიიტანა. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, არა უწყებას, რომლის მიმართაც ნდობა არ გვაქვს, არამედ ამ ქვეყნის კანონს იმიტომ, რომ ჩვენ, “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, რუსული კანონებით არ ვცხოვრობთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ საზოგადოებას ძალიან პატიოსნად ვეუბნებით, რომ ამათი გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს და რატომ – ისინი ვერც ერთ საქმეს ვერ მოიტანენ, რომელიც გამოიძიეს. წინასაარჩევნო პერიოდში არა ერთი დანაშაულებრივი ჩარევის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელზე მოახდინა პროკურატურამ რეაგირება? აქ ძალიან მკაფიო და ნათელია, რომ პროკურატურა, რომელიც არ არის დამოუკიდებელი და დაქვემდებარებულია ოლიგარქის კონტროლს, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი. საჭიროა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მისია, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე მხარეს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით იხელმძღვანელებს და დაადგენს სიმართლეს ამ არჩევნებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.