საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, რომელიც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროში არსებული რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე და ასევე, საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემებსა და მათ გამოყენებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას და სხვა პროექტებს.
ოთარ შამუგიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს ბიზნესწრეებთან.
„ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს ბიზნესწრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მათივე ცნობით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ და პასუხები მოესმინათ მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, რომელთა დიდი ნაწილი ევროპული დირექტივების იმპლემენტაციიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საუბარი შეეხო, ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, საწვავის ხარისხის მონიტორინგს და ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომლებიც მომდევნო წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
„ცალსახად აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი გამოკვეთილი და მჭიდრო პარტნიორი და თითოეულ საკითხზე, რომელიც ბიზნეს სექტორის წინაშე დგას და ამ მიმართულებას ეხება, გვაქვს მყისიერი რეაგირება და ეფექტიანი კომუნიკაცია მათი მხრიდან. მსგავსი სახის თანამშრომლობა მისასალმებელია, რადგან წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბევრი მნიშვნელოვანი და ერთობლივი პროექტი და საკითხი გველის, სადაც ორივე მხარის ჩართულობა აუცილებელი და გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ