საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვიზიტი დაიწყო უნგრეთში, სადაც დღეს, 7 ნოემბერს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტზე განსახილველი მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია. სამიტის ფარგლებში იგეგმება თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, კავშირის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის საკითხებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა დისკუსიაზე ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კავშირის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლევან ჟორჟოლიანი არიან.
„ვფიქრობთ, ჩვენთვის მსგავსი ტიპის პლატფორმაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ევროპული ინტეგრაცია და გარდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
“ქართული ოცნების” ნაბიჯების გამო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ამჟამად შეჩერებულია. 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომლის თანახმად, ის საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს.
როგორც ევროკომისია აღნიშნავს, თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, არ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განიხილონ.
ამავე ანგარიშში აღნიშნულია საარჩევნო დარღვევების შესახებაც. კერძოდ, “ეუთო/ოდირის მისიის წინასწარი მიგნებების თანახმად, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზს დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. ხარვეზებში მათ შორის შედის: ახლანდელი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა, პროცედურული არათანმიმდევრულობა და ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე,” – ვკითხულობთ ანგარიშში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამ დროისთვის მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ მიულოცა, აქედან სამი მეზობელია:
· უნგრეთი
· აზერბაიჯანი
· სომხეთი
· თურქეთი
· ირანი
· ჩინეთი