ზუსტად 12 საათია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც განიხილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სხდომა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათს გასტანს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას.
სწორედ სააპელაციო სასამართლოა ბოლო ინსტანცია, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს იხილავს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხდომები შემჭიდროებულ ვადებში, სავარაუდოდ, 5-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს და მოსარჩელეებმა უკვე კვირის ბოლოსთვის უნდა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სასამართლო სისტემამ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.
6 ნოემბერს დაწყებულ სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია.
საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი იხილავენ.
მოსარჩელე მხარემ სხდომის დაწყებამდე დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის აცილებასთან დაკავშირებით, მაგრამ კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე, ცესკოს შუამდგომლობით ჩატარდა ექსპერტიმენტიც, რომლის დახმარებითაც მოსამართლეებს უნდა განესაზღვრათ, დაირღვა თუ არა კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის პრინციპი იმ უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ექსპერიმენტის ჩატარების პროცედურა, რადგან მათი თქმით, ექსპერიმენტი ვერ ასახავდა რეალურ სურათს და ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ მხოლოდ ცესკოს მიერ წარდგენილი პირები.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საიას 12 საქმეს (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და ასევე კოალიცია ,,ჩემი ხმის“ საქმეებს.
6 ნოემბერს დაწყებულ სხდომაზე განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომელიც შეეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დააკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაცია დღევანდელ სააპელაციო სხდომაზე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
ცენტრალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას უნდა მოეთხოვა თვითაცილება, რადგან მისი მეუღლე გამოირჩევა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტის “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო სააგიტაციო განცხადებებით, რაც მათი აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრების განხილვები ჯერ კიდევ 5 ნოემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა, ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლოსთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის პარალელურად, ყველა სხდომა 6 ნოემბრისთვის გადაიდო და საბოლოოდ ერთი კოლეგიის ქვეშ გაერთიანდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
„ქართული ოცნება“ – 53,931%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,035%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10,167%;
„ძლიერი საქართველო“ – 8,81%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელიც, მათი განცხადებით, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.
არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები, რომლებშიც მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში ზეწოლის, დაშინებისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევებზე.
ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, განცხადებები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე.
მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება.
არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ორი ადამიანი დაკავებულია საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით.
ფორუმი