ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ საჩივრები არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ.
6 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიამ 30 სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, კოალიცია „შენი ხმის“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გაერთიანებულ სარჩელებზე იმსჯელა. იგი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამეგრელოს და გურიის ოლქების საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს მოიცავს.
“საიას” იურისტ თამარ ფაჩულიას თქმით, მათ ჰქონდათ შუამდგომლობები, მათ შორის მტკიცებულებების წარდგენის და დოკუმენტების დართვის, საიდანაც სასამართლომ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.
6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, ისევე, როგორც 5 ნოემბრის სხდომაზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა და გამოთქვა ეჭვი, რომ მოსამართლე შესაძლოა, არ იყოს მიუკერძოებელი. მისი თქმით, შოთა სირაძე იყო ხობის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ამასთან, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამაა.
ამ საკითხზე მოსამართლეთა კოლეგიის სხვა წევრებმა იმსჯელეს და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რადგან ეს გარემოებები აცილების საფუძვლად არასაკმარისად მიიჩნიეს. თავად მოსამართლე შოთა სირაძემ პროცესზე თქვა, რომ „უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აცილებაზე შუამდგომლობა” და მითითებული გარემოებები ვერ გახდებოდა მოსამართლის აცილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო თუ ასეთი გარემოება წარმოიშვებოდა, თავად განაცხადებდა აცილებაზე.
გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები, რომელიც ეხებოდა ცენტრალური საარჩვენო კომისიის მესამე მხარედ ჩართვას სასამართლო განხილვისას და შემთვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების არჩევას, ბიულეტენების გახსნას და ფარულობის პრინციპის დარღვევის დადგენას.
„საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის, ლელა მოწონელიძის თქმით, ორივე პროცესზე ითხოვეს, მოეტანათ ბიულეტინი, ჩარჩო კონვერტი და მარკერი, ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებისთვის, თუმცა უარი მიიღეს.
6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, საიას შუამდგომლობა 15 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ამოღებას და ფარულობის დარღვევის დასადგენად, სატესტოდ რამდენიმეს დათვალიერებას ეხებოდა. ამის შემდეგ მოსამართლე შოთა სირაძემ მოპასუხე მხარეებს ჰკითხა, შეიმჩნეოდა თუ არა ბიულეტენების გადათვლისას მარკერის კვალი ფურცლის მეორე მხარეს, რაც ვერ უარყვეს მოპასუხე მხარეებმა, ს, ხელვაჩაურის, ონის და სხვა საოლქო სააჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა. ამის მიუხედავად, მათ განაცხადეს, რომ კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობა არ დარღვეულა.
მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაციების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ გარემოება არ არის უარყოფილი საქალაქო სასამართლოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ, თუმცა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევაზე არ ეთანხმებიან საარჩევნო ადმინისტრაცია და საქალაქო და რაიონული სასამართლოები, რაც არაერთხელ განმარტეს.
სააპელაციო სასამართლომ არ ცნო დასაშვებად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოს საქმეზე დართვის შუამდგომლობა და განმარტა, რომ სხვა სასამართლოს მიერ მოპოვებული ვიდეო ვერ გახდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი. ერთადერთი შუამდგომლობა, რომელიც დასაშვებად ცნო კოლეგიამ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაა, რომელიც ზემდგომ ინსტანციაშია გასაჩივრებული და კანონიერ ძალაში არ არის შესული.
6 ნოემბერს აჭარის, გურიის და რაჭის საოლქო კომისიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ, ერთადერთი შუამდგომლობა დააყენეს და ეს იყო ს მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული კენჭისყრის პროცედურის ამსახველი სადემონტაციო ვიდეო. როგორც თავად განმარტეს, „ვიდეო აჩვენებს, რომ ჩარჩო კონვერტის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ხმის ფარულობა დაცულია“. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დაუშვა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები დასავლეთ საქართველოს 20-ზე მეტი საარჩევნო ოლქის იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სადაც ელექტრონული წესით ჩატარდა.
ისინი, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითხოვდნენ. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ქუთაისის ოლქის 17, ზუგდიდის ოლქის 4, ბათუმის 33, ხობის ერთი და სენაკის 3 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაბათილებას ითხოვდა.
საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა 6 ნოემბრის 15 საათიდან დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც. მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრები, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ “იყო უმძიმესი დარღვევები”, როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:
“სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი”.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
„ქართული ოცნება“ – 53,931%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,035%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10,167%;
„ძლიერი საქართველო“ – 8,81%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელიც, მათი განცხადებით, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.
არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები, რომლებშიც მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში ზეწოლის, დაშინებისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევებზე.
ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის -ის, განცხადებები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე.
მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება.
არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ორი ადამიანი დაკავებულია საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით.
ფორუმი