რამდენიმე დღეა, ქართულ ონლაინსივრცეში ახალი პლატფორმა, “ჰოპლა” გამოჩნდა, რომელიც საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან აკავშირებს და უტრანსპორტო პირს დამგზავრების საშუალებას აძლევს.
პლატფორმის შექმნის იდეასა და მიზანზე BM.GE-ს Hoppla-ს თანადამფუძნებელი, მარიამ გოგორელიანი ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, დამგზავრების პლატფორმის შექმნის იდეა დამფუძნებლების ყოველდღიური საჭიროების გამო გაჩნდა.
“გუნდის წევრები ამჟამად სტუდენტები ვართ. ჩვენგან უმეტესობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს და დედაქალაქიდან უნივერსიტეტამდე მისასვლელად, ხშირად, მეგობრები ერთმანეთს ვემგზავრებოდით. გარკვეული დროის შემდეგ, მივხვდით, რომ ეს იდეა შეგვეძლო უფრო მასშტაბური გაგვეხადა და დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ქალაქიდან ქალაქამდე ხშირად უწევთ გადაადგილება.
