საქართველოს ეკონომიკის მოცულობა მთლიანობაში 80.25 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის გარკვეული ნაწილი არაფორმალური სახით არსებობს, ანუ დაბეგვრადი ეკონომიკის მიღმაა.
2023 წელს ე.წ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11.1%-ს, ხოლო მეორე კვარტალში 13.8%-ს.
შესაბამისად, გამოდის რომ არაფორმალური ეკონომიკაზე 2023 წელს დაახლოებით 10.2 მილიარდი ლარი მოდიოდა.
განსაკუთრებით მაღალი დაუკვირვებელი ეკონომიკის ზომა სტუმარ-მასპინძლობის სექტორშია და 48.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე 19%-ით ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებია, მესამე ადგილზე კი ხელოვნება, გართობა და დასვენებაა და ის 18.3%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, საქსტატის დაუკვირვებადი ეკონომიკის მაჩვენებელი მოიცავს ე.წ ფარულ ეკონომიკას, როდესაც პირებს რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ, თუმცა ამას არ აკეთებენ და შემოსავლები არ აქვთ დეკლარირებული. ასეთი პირები არიან მაგალითად, უძრავი ქონების გამქირავებლები. ეს მაჩვენებელი მოიცავს ასევე პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა ისინი შემოსავალს იღებენ. ასეთი პირები შეიძლება იყვნენ ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და ა.შ