პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაც ეხება უმცირესობებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პაკეტი ადამიანის უფლებების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

„ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არის თვისებრივად გაუმჯობესებული 2012 წლის შემდეგ. ხელისუფლების საქმე არ არის არავის პირადი ცხოვრება, ჩვენ ვერ შევიჭრებით ვერავის პირად ცხოვრებაში, არც ჩვენი საქმე არ არის, განვსაჯოთ ვინმეს ცხოვრების წესი. ეს არ არის არც ამ კანონის რეგულირების სფერო.

ერთადერთი, რასაც უპირისპირდება ეს კანონი, არის პროპაგანდა, რომელიც უპირისპირდება ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ დოგმებს. ამ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რა არის – როდესაც ეხები რელიგიურ დოგმებს, საბოლოო ჯამში, საფუძველს აცლი ნებისმიერ რელიგიას. ამ პროპაგანდის ერთადერთი მთავარი სამიზნე არის ქრისტიანობა, როგორც ასეთი.

როგორც კი ქრისტიანულ დოგმებს მოერევი, მაშინვე რელიგიას აღარ აქვს თავისი დატვირთვა და ამას ემსახურება ასეთი პროპაგანდა.

ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ტრადიციული რელიგია და ამას ემსახურება რეალურად ის კანონი, რომელსაც ვიღებთ. თუ ვინმე რაიმე საპირისპიროში დაგვარწმუნებს, კი ბატონო, მაგრამ აქ ელემენტარულ საკითხებზეა საუბარი.

ჩვენი ოპონენტები უარყოფენ, რომ თითქოს ეჭვქვეშ არავინ აყენებს იმას, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია, მამა მამაა, დედა დედაა, თუმცა ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი გავრცელებული ტენდენციაა, რომ როდესაც გინდა, შეცვალო სქესის შესახებ ჩანაწერი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, არ მოგეთხოვება არაფერი, მოითხოვ და უნდა შეგიცვალონ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში უკვე ეს კანონმდებლობა არის მიღებული.

სასამართლო პრაქტიკაა იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი კაცი აღარ არის, ქალი ქალი აღარ არის. შენ თუ ხარ კაცი, მაგრამ მოგინდება ჩაეწერო ქალად, უნდა მოგცენ ამის ნებართვა და თუ ხარ ქალი და გინდა ჩაეწერო კაცად, ამის ნებართვაც უნდა მოგცენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი ტენდენციები, რბილად რომ ვთქვათ და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა, რომ რაც არის ობიექტური სინამდვილე, იმის ასახვა ოფიციალურ დოკუმენტებში იყოს უზრუნველყოფილი კანონმდებლობით“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოფიციალურ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს ობიექტური რეალობა.

„გეუბნებიან, რომ არსებობს ობიექტური რეალობა, მაგრამ შენ როგორც აღიქვამ საკუთარ თავს, ისე უნდა იყო მითითებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. 10 წლის წინაც კი, ალბათ გიჟად ჩაგთვლიდნენ, რომ გეთქვა, შეიძლება სერიოზულად განიხილოს ვინმემ ეს ყველაფერი. დღეს ეს არის ფაქტი, რეალობა და ამ რეალობას უპირისპირდება მხოლოდ და მხოლოდ ის პაკეტი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

ადამიანის ქცევის წესი არის მისი გადაწყვეტილება, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, არ მოსწონდეს, შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ესა თუ ის დამოკიდებულება, მაგრამ ამაში ხელისუფლება არც ერევა და ვერც ჩაერევა, მით უმეტეს ვერავითარი შეზღუდვა ვერ დაწესდება და ვერავინ გაკიცხავს ადამიანს ამის გამო, მით უმეტეს ვერ დასჯის, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, იმდენად საშიში სახე მიიღო ამ პროპაგანდამ, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, ამისთვის დაგვეპირისპირებინა კანონმდებლობა. ელემენტარულ, მინიმალურ, რაციონალურ ნორმებზეა საუბარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.