პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნათია მეზვრიშვილს არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 6 ნოემბერს 12 საათზე მაგისტრატი მოსამართლე გამოკითხავს.
ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
„ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის – რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ“, — წერს მეზვრიშვილი.
გენერალურ პროკურატურაში მეზვრიშვილი გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს, თუმცა მან განაცხადა, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებდა, თუმცა მზაობა გამოთქვა მაგისტრატ მოსამართლეს გამოეკითხა.
„ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას“, — ამბობდა ნათია მეზვრიშვილი.
პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურას ასევე დაბარებული ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მიმართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გახმიანებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.