საქართველოს სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სუპერმარკეტების ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს – “დეილისა” და “რითეილ ჯგუფის”, ანუ “მაგნიტს” შორის კონცენტრაციის გარიგების შესახებ გასცა თანხმობა.
თავის მხრივ, 2024 წლის 6 აგვისტოს კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, რომლითაც შპს “დეილი”, რომელიც ამავდროულად “გვირილას” ქსელის მფლობელია, გახდა “ფუდმარტის” 100%-იანი წილის მესაკუთრე – თავად “ფუდმარტი” კი აერთიანებს “სპარის” და “იოლის” ქსელებს. ამასთან, ახალ კომპანია “ჰოლდინგ.ჯის”, რომლის დამფუძნებელი არჩილ გეგენავა წარსულში უშუალოდ “ფუდმარტის” მფლობელი იყო, გახდა შპს “დეილის” 30%-იანი წილის მფლობელი. შესაბამისად, დღეს “დეილი” აერთიანებს “სპარის”, “გვირილას”, “დეილის” და “იოლს” და კონკურენციის სააგენტოს დღევანდელი თანხმობის შემდეგ “მაგნიტის” მფლობელიც გახდება.
შესაბამისად, საქართველოს FMCG ბაზარზე “დეილის” ჯგუფი დაიკავებს #1 პოზიციას.
TBC Capital-ი რეგულარულად აახლებს FMCG ბაზრის დინამიკის შესახებ საკუთარ კვლევას. ორგანიზაციის უკანასკნელი მიმოხილვა, რომელიც 2024 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის ლიდერს “ნიკორას” ბრენდი წარმოადგენდა, რომლის წილიც ორგანიზებული ბაზრის სეგმენტზე 18.9%-ს შეადგენს, მეორე პოზიცია უჭირავს ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია კარფურს 13.6%-ით. მეოთხე პოზიციაზეა სპარი 13%-ით, ხოლო მაგნიტი 9.7%-ით მეხუთე პოზიციაზე.