თავად [ოპოზიციის წარმომადგენლები] ითხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და ნაცვლად იმისა, რომ მივიდნენ, ითანამშრომლონ, კვლავ პოლიტიკური განცხადებები გვესმის – ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, რომელიც ვერ გაერკვა, როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში ოპოზიციას არანაირი მტკიცებულებები არ აქვს.
„ესეც ამ დეზინფორმაციების ნაწილია, რაც არის ჰიბრიდული ომის მეთოდები და თავდასხმა ქართულ არჩევნებზე და დემოკრატიაზე იმისთვის, რომ დემოკრატიის გვერდის ავლით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა – ძალით და არა დემოკრატიით, ხალხის ნებით. ყოველი ამ დეზინფორმაციის უკან ხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, არ დგას არცერთი ფაქტი, მტკიცებულება. თავად [ოპოზიციის წარმომადგენლები] ითხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ მივიდნენ, ითანამშრომლონ, კვლავ პოლიტიკური განცხადებები გვესმის, ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, რომელიც ვერ გაერკვა, როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესი. ის, როდესაც დანაშაულში ბრალს დებს ვინმეს და შემდეგ ამაზე გამოძიება მიდის, რომ ეს არის პასუხისმგებლობა ზუსტად მისი ვინც ბრალს დებს, მივიდეს და თუ მტკიცებულებები აქვს წარადგინოს. სინამდვილეში, მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ასევე, სინამდვილეში, ეს მთლიანი „ბლეფი“, რაც არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და რამდენიმე მილიონერმა „ენჯეომ“ ჩაატარეს, რომელიც ამ პროცესში იყო, როგორც საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები ჩართული, ქართველმა ხალხმა მაღალი აქტივობით დაასრულა, „ქართული ოცნების“ მიმართ 1 120 000 მხარდაჭერით, რომელმაც აჩვენა, რომ მათ ეს ტყუილი, დეზინფორმაცია, ზიზღი არ გაუვათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ პროკურატურაში მივიდნენ და მათი მტკიცებულებები წარადგინონ.
„ეგ არ უნდოდათ, რომ გამოძიება დაწყებულიყო?! გამოხვიდე თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, ვიღაცამ რაღაცა გააყალბა, გამოძიება მოითხოვო, გამოძიება დაიწყოს და მერე აღარ მიხვიდე, რათა განმარტო რა მტკიცებულებები, ფაქტები გაქვს. აი, ახლა ამ არალოგიკურობის თავს მოხვევა უნდათ კვლავ საკუთარი მხარდამჭერებისთვის. მგონი საკმარისი დრო ჰქონდათ მამუკა ხაზარაძის „ტოპ ტვინებს“, რომ ამაზე ემუშავათ. ხომ ამბობდნენ, რომ რაღაც საქაღალდეები სავსე აქვთ მტკიცებულებებით, ამოიჩრან ახლა იღლიაში ეს საქაღალდეები პროკურატურაში მივიდნენ და მტკიცებულებები მიიტანონ, თავის „ტოპ ტვინებთან“ ერთად. თუ უნდათ „ტოპ ტვინებიც“ მიაყოლონ, რომ საქაღალდეებში კარგად გაერკვეს საგამოძიებო უწყება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.