„ბიოლის’’ ველნეს ვილების პროექტი გაჩერებულია. მიზეზი ინვესტორების მხრიდან საკმარისი ინტერესის არარსებობა გახდა. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ,,ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ ინვესტორებს პროექტი მოსწონთ, თუმცა როცა იგებენ, რომ მდებარეობა საქართველოა თანხების ჩადებისგან თავს იკავებენ.
,,პროექტის გაჩერების მიზეზი არის ის, რომ მოთხოვნა რაც ჩვენ გვინდა ჯერ არ არის. დუბაიში გამოფენაზე ვიყავით. ყველას ძალიან მოეწონა პროექტი, მაგრამ რომ გაიგეს პროექტის მდებარეობა, რომ ქვეყანა საქართველოა ცოტა დაფიქრდნენ. ჩვენც გავაჩერეთ პროექტი, რადგან იაფად გაშვება არ მინდა. დაველოდები როცა ფასები აიწევს და უფრო მოთხოვნადი გახდება. ინვესტორების მოზიდვის პრობლემაა. ზუსტად არ ვიცი თავს რატომ იკავებენ. ჯერჯერობით საქართველოზე სახე ეღუნებათ“, – აცხადებს ბიზნესმენი თამაზ მჭედლიძე.
პროექტის დაგეგმარება დასრულებულია და ახლა საჭირო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ჯამში 20 ვილა უნდა აშენდეს, საიდანაც ნახევარი უცხოელებზე გაიყიდება. 10 ვილა კი გაქირავდება. ბიზნესმენი თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ მისი სურვილია ვილები მდიდარმა უცხოელებმა შეიძინონ.
,,გენგეგმას ვაკეთებთ. ამ პროცესში ვართ. გვინდა პროექტი საინვესტიციოდ მოთხოვნადი იყოს ძალიან მდიდარი ხალხისთვის. იმ დონის მოთხოვნა არ არის, რა დონის მოთხოვნაც მე მინდოდა. მინდოდა ძალიან შეძლებული ხალხის მოყვანა, თუმცა ეს ჯერ პრობლემაა. ვილებში მდიდარი ადამიანების, ინვესტორების შემოყვანა მინდა. მდიდარი ადამიანები რომ იყიდიან ამ ვილებს შეიქმნებოდა ელიტარული ველნესი საქართველოში. თუმცა ჯერჯერობით მათი მხრიდან ინტერესი არ არის. იყო, მაგრამ დაფიქრდნენ. მე თავად ვაგრძელებ ვილების პროექტს და ველოდები კარგ სიტუაციას. კარგ სიტუაციაში ვგულისხმობ იმას, რომ ინვესტორი მოვა და იტყვის – ვა, როგორ მინდა საქართველოში ფულის ჩადება და ვილის ყიდვა.’’- აცხადებს თამაზ მჭედლიძე.