რუსთაველის გამზირზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილი აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. მოქალაქეებმა მსვლელობა, მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მათ „გამაფრთხილებელი პიკეტირების“ გამართვისკენ მოუწოდა.
„თავიდანვე გითხარით, რომ ვართ გრძელვადიან ბრძოლაში და ხელისუფლებას უნდა ვანახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. მოგმართავთ, რომ დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის მხარეს, მხოლოდ მოძრაობით და მხოლოდ ასეთი მოქმედებით შევძლებთ, რომ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები. მე და ჩემი მეგობრები გაგიძღვებით, არ იქნებით მარტო”, – მიმართა დემონსტრანტებს ხაზარაძემ.
რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შეძლებენ „ტელეგრამ“-არხზე შესვლას და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ.
ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.