წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს [გაყალბების] აშკარა ტენდენცია, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩვენი ხმის“ წარმომადგენელმა, ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
ტატო ქელბაქიანის განცხადებით, არავის აქვს იმედი, რომ ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს თავად გამოიძიებს.
„ყველაფერზე მტკიცებულებებს ითხოვენ და მტკიცებულებებს რომ წარადგენ, მერე კიდევ ითხოვენ მტკიცებულებებს. ჩვენ ფოტო-ვიდეო მასალა იმ ღამესვე გადავუგზავნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვებ-გვერდზეც ავტვირთეთ და ახლაც საჯაროა. კიდევ ვამატებთ ვიდეომასალებს, რისი მოძიებაც წყაროებიდან ხდება. დიპლომატიურ კორპუსთანაც გვქონდა შეხვედრა და იქაც გავუზიარეთ. წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუნდაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს [გაყალბების] აშკარა ტენდენცია. სიღრმეები, მასშტაბები, რამდენი ადამიანი იყო ჩართული, ეს, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სურათი, რაც უკვე წარმოდგენილია, ჩემი შეფასებით, პირდაპირ იძლევა უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება, მაგრამ არავის აქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა რამეს გამოიძიებს, ეს ხომ აბსოლუტურად აბსურდია“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
ტატო ქელბაქიანის აზრით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ „სადღაც 15%-მდე უნდა იყოს მითვისებული“.
ამასთან, ტატო ქელბაქიანი გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ „არცერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არ შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს“.
ქელბაქიანის თქმით, ლევან იოსელიანის განცხადებით შოკირებულია, რადგან საარჩევნო უფლება ადამიანის უმთავრესი უფლებაა.
„მე ერთ დროს ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში. არჩევნები სახალხო დამცველს არ ეხებაო. საარჩევნო უფლება ადამიანის უმთავრესი უფლებაა. საერთოდ რა განცხადება გააკეთა, უბრალოდ შოკირებული ვარ“, – განაცხადა ქელბაქიანმა.