პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს.
“პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით. ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და რომელიც ჩვენ უკვე ერთხელ გავიარეთ, როდესაც საბჭოთა საქართველოდან დამოუკიდებელი საქართველო შევქმენით. იმავე პროცესში ვართ ჩვენ ახლა. მე ძალიან მომწონს, რომ პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოების მიერ ნელ-ნელა ხდება იმის გააზრება, რომ ჩვენ საბჭოთა საქართველოდან უნდა მივიღოთ დამოუკიდებელი საქართველო. პოლიტიკურად ეს არის პოლიტიკური მომენტის ადეკვატური შეფასება“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკოსების როლი ის არის, რომ „დაგეგმონ სხვადასხვა და ადეკვატური ქმედება, ანუ საზოგადოება არც გადაღალონ, მაგრამ არც მუხტი დააგდონ“.
„აბსოლუტურად ყველა ფორმა უნდა იყოს გამოყენებული – აქციაც, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ქმედებები, ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, საზოგადოების მობილიზება… აქ არის მთელი პოლიტიკური შესაძლებლობების პალიტრა, რომელიც უნდა გამოიყენო. პოლიტიკოსების როლი სწორედ ეს არის, რომ ამ პოლიტიკური პალიტრიდან დაგეგმონ სხვადასხვა, ადეკვატური ქმედება – არც გადაღალონ საზოგადოება, მაგრამ არც მუხტი დააგდონ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება ოპოზიციის პროტესტის ფორმები და სამოქმედო გეგმა არჩევნების შედეგების საპროტესტოდ და ხმების დასაცავად.