იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 0 საჩივარი დაწერეს.
საუბარია ორგანიზაციებზე: „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“ (2654 დამკვირვებელი) და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ (2492 დამკვირვებელი).
„პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ დირექტორი ეკა აგლაძეა, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ ეკა აგლაძის მეუღლე, გრიგოლ გაგნიძე ხელმძღვანელობს. ორივე ორგანიზაცია წინა არჩევნებსაც აკვირდებოდა და მათი წარმომადგენლები სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაში არიან შემჩნეული.
მიუხედავად იმისა, რომ წელს, ჯამში, ორივე ორგანიზაციას 5146 დამკვირვებელი ჰყავდა რეგისტრირებული, ცესკოს საჩივრების რეესტრში მათი სახელით საჩივარი არ იძებნება.
გარდა ამ ორგანიზაციებისა, 26 ოქტომბრის არჩევნებს 1000-ზე მეტი წარმომადგენლით აკვირდებოდნენ ისეთი ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობაზე ან მათ ხელმძღვანელებზე ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება.
ამ ორგანიზაციების ნაწილსაც არჩევნებზე დარღვევების შესახებ საჩივარი საერთოდ არ დაუწერიათ, ან მათ სახელზე თითო საჩივარია რეგისტრირებული არჩევნების რეესტრში. მაგალითად:
· ორგანიზაცია „თავისუფალ ხმას“, რომელსაც 1614 დამკვირვებელი ჰყავდა, მხოლოდ 1 საჩივარი აქვს რეგისტრირებული საბურთალოს საოლქო კომისიაში უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არყოფნასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ კურტანიძეა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი ქალაქ ხაშურშია.
· არჩევნებზე დარღვევა არ დაუფიქსირებია სადამკვირვებლო ორგანიზაციას „მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოებას“, რომელსაც 1039 დამკვირვებელი ჰყავდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ქისტაურია, მისი გამგეობის წევრები ეკატერინე კერესელიძე და ნათია რიჟამაძე არიან.
· 1 საჩივარი დაწერა ბიულეტენებთან დაკავშირებით და შემდეგ უკან გაითხოვა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი“. ორგანიზაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე 1364 დამკვირვებელი ჰყავდა. ორგანიზაციის დირექტორი დიმა ქარჩავაა. რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი სენაკის სოფელ თეკლათშია.
0 საჩივარი აქვს დაწერილი „ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანებასაც“, რომელსაც 386 დამკვირვებელი ჰყავდა. ორგანიზაცია ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციას დამკვირვებლებად დარეგისტრირებული ჰყავდა კაცები, მათ შორის, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებელი.
ცესკოს ინფორმაციით, ოლქებში, ჯამში, 1 170 საჩივარი შევიდა. აქედან 600 საჩივარი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, დანარჩენი 570 კი – სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.
· ვინ ვინ არის დამკვირვებლებიდან – არჩევნები 2024