6 დეკემბერს აშშ-ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.
100-ადგილიან სენატში კანონპროექტის მისაღებად საჭიროა 60 ხმა. პაკეტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა, 51-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
პაკეტი, რომელიც ვერ მიიღეს, უკვე მოიცავს მილიარდობით დოლარს სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის, მათ შორის საბაჟოსა და საზღვრის დაცვისთვის განკუთვნილ 5.3 მილიარდსა და იმიგრაციისა და საბაჟოს სამსახურისთვის განკუთვნილ 2.3 მილიარდს, თუმცა რესპუბლიკელები დამატებით ცვლილებებს ითხოვენ და სურთ შეიცვალოს თავშესაფრის მიღების წესები.
რესპუბლიკელებისა და დამოუკიდებელი სენატორების გარდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმაც, რომელიც ისრაელისთვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგია.
კანონპროექტი მოიცავს 50 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, რასაც ჰუმანიტარული დახმარებაც დაემატება, ხოლო ისრაელისთვის განკუთვნილია 14-მილიარდიანი პაკეტი.
პარალელურად ბაიდენი სენატს მოუწოდებს, რომ კანონპროექტი მალე მიიღონ. მან თქვა, რომ მეტის მოთმენა შეუძლებელია და პუტინს გამარჯვების უფლებას ვერ მისცემენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის წავიდეს “მნიშვნელოვან დათმობებზე” სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელებმა პრეზიდენტის სიტყვებს სწორი ნაბიჯი უწოდეს.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი მიიღებს, მომდევნო საფეხურზე მას კენჭი უნდა ეყაროს რესპუბლიკელთა უმრავლესობის მქონე წარმომადგენელთა პალატაში. წარმომადგელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა 5 დეკემბერს აღნიშნა კიდეც, რომ მნიშვნელოვანი სასაზღვრო ზომების გარეშე, უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას ვერ მიიღებდნენ.
სენატში სასაზღვრო უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო პოლიტიკაზე დებატებმა უთანხმოების პიკს გასულ პარასკევს, 1-ელ დეკემბერს მიაღწია. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რესპუბლიკელ სენატორ ჯამეს ლენქფორდსა და დემოკრატ კრის მერფის შორის. მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.