საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International-ი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის შენობასთან თითქმის მთლიანად გაშიშვლდა შევიწროების წინააღმდეგ აშკარა პროტესტის ნიშნად.
ირანის ხელისუფლებამ სტუდენტი ქალი დააკავა 2 ნოემბერს, როცა მან ქვედა საცვლებამდე ყველაფერი გაიხადა უნივერსიტეტთან, ქუჩაში.
ვიდეოჩანაწერი პირველად გამოაქვეყნა სტუდენტურმა არხმა Amir Kabir-მა, შემდეგ კი უფლებადამცავმა ჯგუფმა Hengaw-მ, Amnesty International-მა და სხვებმა.
„გათავისუფლებამდე ხელისუფლებამ ის უნდა დაიცვას წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან, მას ასევე უნდა ჰქონდეს ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა“, – აცხადებს Amnesty. „ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული“, – წერს უფლებადამცავი ორგანიზაცია.
