საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ დავას სააპელაციო სასამართლოებში გააგრძელებს.
პირველი ინსტანციის 24 სასამართლოდან 23-მა ორგანიზაციის სარჩელები არ დააკმაყოფილა. დარჩენილია ერთი, წალკის სასამართლო, სადაც სხდომა დღეს. 4 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გუშინ, 3 ნოემბერს ჩატარდა. საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა საქმეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლის ჩართვის შესახებ. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ უარი თქვა დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები.
ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თბილისის საოლქო კომისიებმა სამ დღეში შეცვალეს საკუთარი პოზიცია. უფრო კონკრეტულად, 1-ელ ნოემბერს, როცა საია-ს საჩივრებს თავად საოლქოები განიხილავდნენ, ქურდოვანიძემ დაწერა, რომ ისინი სადავოდ არ ხდიდნენ ფაქტს რომ ბიულეტენების მეორე მხარეს მარკერის კვალი გადადიოდა და ხმის მთვლელ აპარატებთან კამერები იყო დამონტაჟებულო. ისინი, უბრალოდ, ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობას ამომრჩევლებს აკისრებდნენ. ისე, როგორც ამას ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე აკეთებს. შესაბამისად, არ დააკმაყოფილეს ორგანიზაციის მოთხოვნა უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება საია-მ სასამართლოში გაასაჩივრა, უკვე სასამართლო სხდომაზე, საოლქოებმა უარყვეს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის გაჟონვის შემთხვევები.
ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობის დარღვევის გამო 2263 უბნის (იქ, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა) შედეგების გაბათილებას მოთხოვნას, რის დაკმაყოფილებასაც ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოჰყვება, საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივით დაიწყეს საია-ს ანგარიშზე შემოწირულებების ჩარიცხვა.
‘მთელი გულით ვუხდით მადლობას თითოეულ ადამიანს, ვინც გამოხატა სამოქალაქო პოზიცია და შეიტანა წვლილი ამ მნიშვნელოვან საქმეში. თქვენი შემოწირულებები სრულად მოხმარდება სააპელაციო სასამართლოში ბაჟის ხარჯების დაფარვას და სამართლებრივი პროცესის გაგრძელებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.