ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავენ.
„გილოცავთ, ძვირფასო მაია სანდუ გამარჯვებას. იშვიათი სახის ძალა სჭირდება იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ამ არჩევნებში შეგხვდათ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს რობერტა მეცოლაც და წერს, რომ ევროპა მოლდოვას მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ვულოცავ ქალბატონ პრეზიდენტ მაია სანდუს. მან გამოიჩინა არაჩვეულებრივი გამბედაობა და ლიდერობა თავისი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპა გააგრძელებს ამ გზაზე მოლდოვას გვერდით დგომას“, – წერს რობერტა მეცოლა.
შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემების თანახმად, მაია სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიეუმ კენჭისყრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევა ხდებოდა, რომელსაც „შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალი“ ჰქონდა.